Vangelis Pavlidis of SL Benfica tackled by Pau Cubarsi of FC Barcelona during the UEFA Champions League 2024/25 Round of 16 First Leg match between...
18 წლის კუბარსიმ ვანგელის პავლიდისი წააქცია და გააძევეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩების მეორე დღე ასე დასრულდა: „ფეიენოორდი’’ – „ინტერი’’ 0:2, „ბენფიკა’’ – „ბარსელონა’’ 0:1, „ბაიერნი’’ – „ლევერკუზენი’’ 3:0, პსჟ – „ლივერპული’’ 0:1.

ბუნდესლიგის ლიდერმა „ბაიერნმა’’ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ „ლევერკუზენს’’ გერმანულ დერბიში 3:0 მოუგო. რეკორდმაისტერი ცალი ფეხით მეოთხედფინალშია. ანგარიში მე-9 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. 54-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ ჩეხი მეკარის მატეი კოვარის უხეში შეცდომით ისარგებლა და მეორე გოლი შეაგდო, 75-ე წუთზე კი კეინმა შეხვედრის ბოლო გოლი გაიტანა.

კოვარის შეცდომა თვალსაჩინო იყო, მაგრამ „ლევერკუზენს’’ ვერც ფრანგმა მარჯვენა მცველმა ნორდი მუკიელემ გაუკეთა კარგი საქმე. მან ჯერ იყო და კეინის პირველი გოლის დროს ვერ იაქტიურა სათანადოდ, 62-ე წუთზე კი მეორე ყვითელი მიიღო, თანაგუნდელები უმცირესობაში დატოვა.

ლისაბონში „ბარსელონა’’ 22-ე წუთზევე უმცირესობაში დარჩა – პაუ კუბარსი გააძევეს – მაგრამ კაცნაკლულმაც გაიმარჯვა. არადა, ინიციატივას, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები ფლობდნენ. სტუმრებიდან თავი გამოიჩინა მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ. კიდევ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რაფინიამ, რომელმაც ბურთი თავად მოიპოვა და შორიდან შეაგდო მატჩის ერთადერთი გოლი.

შეხვედრაში რომელიც ორმხრივი შეტევებით დაიწყო პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდი 22-ე წუთზე მოხდა, როდესაც 18 წლის კუბარსიმ ვანგელის პავლიდისი წააქცია და ეს ბოლო იმედის ჯარიმა გამოდგა.

„ინტერმა’’ სტუმრად 2:0 მოუგო „ფეიენოორდს’’ და ფაქტობრივად მეოთხედფინალშია. რობინ ვან პერსის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა გუნდმა მილანელებს პრობლემები მაინცდამაინც ვერ შეუქმნა. იტალიური გუნდი მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას. „ნერაძურის’’ მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი ვერ გაიტანა ― ტიმონ ველენროიტერმა აუღო.

„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ პარიზულ შეხვედრაზე კი რა ვთქვათ: 27 დარტყმა, ბურთის ფლობა 71%… არაფერმა იმუშავა. პარიზელები სტუმრებს მთელი 90 წუთი უტევდნენ, მაგრამ წააგეს. ჰარვი ელიოტმა 87-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო.

ამ შეხვედრამდე პსჟ-ს მიჯრით 22 თამაში არ წაეგო: 18 მოგება და 4 ფრე.