საქართველოს ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გზა გაიკაფა და 16 მარტს, გადამწყვეტ მატჩში „მიხეილ მესხზე“ ესპანეთს უმასპინძლებს.
ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ 43:5 დაამარცხეს და ზედიზედ მე-8 ჩემპიონობისკენ ბოლოსწინა ნაბიჯი გადადგეს. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ფინალში ქართველთა მეტოქე არა პორტუგალია იქნება, არამედ ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ჩვენმა ნაკრებმა სულ ახლახან მადრიდში 62:32 მოუგო. ესპანელმა „ლომებმა“ შაბათს ერთგვარი სენსაცია მოახდინეს, როცა პირველ ნახევარფინალში „მგლები“ პორტუგალიაშივე 42:31 დაამარცხეს.
ჩვენი ბიჭების თავდადებასა და შრომას არ დავაკნინებთ, თუ ვიტყვით, რომ ასეთი „ცალკარების“ აღწერა ჩვენც, ჟურნალისტებსაც მოგვბეზრდა. დიახ, რუმინეთთან ყოველი გამარჯვება ანთიმოზ ივერიელის მორიგი თასის მოგებას ნიშნავს, თუმცა ისიცაა სათქმელი, თუ როგრ მიიღწევა ყოველი გამარჯვება – 30, 40 ან სულაც 50 ქულის უპირატესობით, როგორც, მაგალითად, ეს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის საკონტროლო ტესტმატჩში მოხდა – ჩვენმა ბიჭებმა 56:5 რომ მოიგეს…
რუმინეთის ნაკრები ოდესღად დიდი გუნდი იყო, რომელსაც ტიერ 1-ის წევრი არაერთი ნაკრები ჰყავდა დამარცხებული. მაგრამ დღეს ეს რიგითი ძალაა, ქართველთათვის ბელგიაზე ან ნიდერლანდებზე არაფრით უკეთესი. ჰოდა ვტკეპნით ამ ერთ ადგილს უკვე ამდენი წელია და ვიდრე „მსოფლიო რაგბი“ და „ექვსი ერი“ მოწყალე თვალით არ შემოგვხედავენ, წინსვლას არც უნდა ველოდოთ. იმედია, მიმდინარე გლობალური ცვლილებები რაგბის სფეროსაც შეეხება და ყველას თანაბარი უფლებები ექნება.
რაც შეხება საკუთრივ თამაშს რუმინელებთან, თავიდან ის ვთქვათ, რომ მატჩისწინ მიღებული ტრავმის გამო შეხვედრას ბურჯი გიორგი მამაიაშვილი და მეორეხაზელი ვლადიმერ ჩაჩანიძე გამოაკლდნენ და მათი ადგილი გიორგი ახალაძემ და ილია სპანდერაშვილმა დაიკავეს, თანაც ეს უკანასკნლი ამპლუით მესამეხაზელია.
ასეა თუ ისე, რადიკალური გარდაქმნები არ მომხდარა და თამაშს ეს ამბები საერთოდ არ დასტყობია. ჩვენმა ბიჭებმა მატჩი აგრესიულად და ენერგიულად დაიწყეს და ასევე დაასრულეს. 43:5 სულაც არაა ის ანგარიში, რომელიც მეტოქეთა ძალების შეფარდებას სრულად გამოხატავდეს. ჩვენებს გაცილებით მეტი ქულა უნდა გაეკეთებინათ, თუნდაც ლუკა მატკავას სამი გარდასახვა რომ არ აეცილებინა, ხოლო რუმინელებს ის გარდაუსახავი ლელო ჩვენი ბოლო შეტევისას ბურთის დაკარგვის შედეგია, თორემ მანამდე „მუხებს“ ჩვენს ლელოსთან მიახლოება ერთხელაც არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, 7-დან 3 დარტყმის აცილების მიუხედავად, მატკავა მაინც დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, იმდენად უნარიანად დირიჟორობდა შეტევებს.
ჩვენი 7 ლელო კი მშვენიერი სანახავი იყო. მხოლოდ ორი მათგანია ფორვარდების ანგარიშზე, 5 კი უკანახაზელებმა ხელდახელ ლამაზი კომბინაციების შედეგად გაიტანეს. სანდრო თოდუამ მე-20 სანაკრებო ლელოთი რუმინელთა რბევა დაიწყო, ხოლო გიორგი კვესელაძემ დაასრულა, თან ბორჯღალიანი კვართით მე-10 ლელო მიითვალა. აკა ტაბუცაძემ 50-ე კეპი 47-ე ლელოთი აღნიშნა, ამ შუალედში ასევე ეფექტური ლელოები გაიტანეს თორნიკე კახოიძემ და გელა აფრასიძემ, ხოლო მორკინალთაგან თავი გამოიჩინეს მიშა ბაბუნაშვილმა და გიორგი ახალაძემ, ვისთვისაც ეს იყო პირველი სანაკრებო ლელო. პრინციპში, არც ფორვარდებს უნდა დავუკარგოთ გარჯა – ჩვენი შერკინება მწყობრი იყო, მოლი – მძლავრი, თუმცა მთლიანობაში გუნდის თამაში უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეტყობა, თოვლისგან სამატჩოდ გაწმენდილი მძიმე საფარის ბრალი იყო.
ამრიგად, ორი კვირა ვისვენებთ და მერე – ფინალი „მიხეილ მესხზე“.