„გაძეტა დელო სპორტთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდზე „ნაპოლიზე’’ და მის „ინტერთან’’ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
…ორი გუნდის ასეთ დაპირისპირებას არ ველოდი, – თქვა ლიპიმ, – მჯეროდა, რომ ფავორიტები „ინტერი’’, „ნაპოლი’’ და „იუვე’’ იყვნენ, მაგრამ ინძაგის გუნდი კონკურენტებს სჯობს. მას ახლაც შეუძლია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასობაში „ნაპოლიმ’’ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და ლიდერთა შორის დარჩა. და კიდევ, უფრთხილდით „ატალანტას’’…
..„ნაპოლი’’ ძლიერთა მარაქაში ანტონიო კონტემ დააბრუნა. მან გუნდი ცხრილში ისევ იმ საფეხურზე აიყვანა, რომელზეც სპალეტის დროს იყო, მაგრამ ახლანდელი „ნაპოლი’’ ჯადოსნურ ფეხბურთს აღარ თამაშობს. ეს უბრალოდ კონტეს ხარისხია. საუკეთესო მწვრთნელი ინტუიციით გრძნობს, რა სჭირდება გუნდს და თავის გეგმებს ხორცს ასხამს…
…„ნაპოლისა’’ და „ინტერის’’ მოახლოებული მატჩის ბედს ლობოტკას და ჩალჰანოღლუს დუელი გადაწყვეტს. გუნდები ამ ფეხბურთელების გარშემო არიან აწყობილები და თურქის ტრავმა მილანენებს გარკვეულწილად ამძიმებს. ეს ორი გამთამაშებელი როლით ანდრეა პირლოსთან არის ახლოს, თუმცა ანდრეა დიდი ფეხბურთელი იყო. თანამედროვეებიდან მას მხოლოდ მოდრიჩი თუ შეედრება…
…გადატვირთული კალენდარი „ინტერის’’ უპირატესობაა. ჩემს დროს ფეხბურთელებს ამხანაგური თამაშების გამოტოვებაც კი არ უყვარდათ. შეჯიბრებები, ტურნირები, მათი მოგების შესაძლებლობა ხომ დამატებითი მოტივაციაა. ფეხბურთელს საშუალება ეძლევა მუდამ ფორმაში იყოს. ჩართული კაცი არ დაიღლება. რასაკვირველია, ბოლოს რაღაც უნდა მოიგო, თორემ გული გაგიტყდება…
…„ინტერს’’ შეუძლია ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ამ გუნდს ყველას დამარცხება შეუძლია. თავის მხრივ, „ნაპოლის’’ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია რომ ბოლომდე ლიდერთა შორის დარჩეს. ყველაფერი იმის მიხედვით გადაწყდება, რომელი უფრო შეინარჩუნებს ინტენსივობას და კონცენტრაციას’’.
„ნაპოლი’’ და „ინტერი’’ კვირას, საქართველოს დროით 21 საათზე ნეაპოლში ხვდებიან ერთმანეთს.