„პარი სენ ჟერმენის’’ დირექტორატს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ დაცდა მოუხდა, ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ მხოლოდ იანვარში იყიდა. ქართველი მარცხენა გარემარბის გადაბირება პირადად ლუის ენრიკეს უნდოდა. ეს მან დაარწმუნა პსჟ-ს ხელმძღვანელობა, აურელიო დე ლაურენტისი თავისი ვარსკვლავის დათმობაზე რომ დაეყოლიებინათ. როდესაც 24 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ მას, ასე ძვირად ნაყიდს, ბევრს არ აპატიებდნენ. სულ რაღაც ორი თუ სამი თამაშის შემდეგ მისმა კრიტიკამ შხამიანი სახე მიიღო, მაგრამ კვარა პანიკას არ აჰყვა. ის ყოველ შეხვედრაში პროგრესირებს და კვირას, „ლიონისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამ მატჩში „ნაპოლის’’ ყოფილმა მოთამაშემ შთამბეჭდავი სტატისტიკა დადო: 68 წუთი ითამაშა, ბურთს 61-ჯერ შეეხო, შეასრულა 7 სასარგებლო დრიბლინგი, 4 საკვანძო პასი, მოიგო 13 ორთაბრძოლა და დემბელეს 1 საგოლე პასი მიაწოდა.

საფრანგეთში სულ უფრო მეტი ჟურნალისტი და მიმომხილველი იხიბლება ქართველი თავდამსხმელის თამაშით, იტალიაში კი გამოჩნდა ხალხი, რომელიც გამოთქვამს ვარაუდს, რომ საბოლოოდ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენს’’ „ფეხზე დააყენებს’’.

„და ის ჯერ ასი პროცენტით არ არის მზად’’, ― გაგვაფრთხილა ლუის ენრიკემ „გრუპამა სტედიუმზე’’ („გრუპამა’’ სპონსორი სადაზღვევო კომპანიაა) თავისი ფეხბურთელის შესანიშნავი თამაშის შემდეგ. Tuttomercatoweb-ის ჟურნალისტი პიერპაოლო მატრონე კი დარწმუნებულია, რომ ქართველი პარიზული კლუბის მრავალ ვარსკვლავს შორის არა მარტო გამოირჩევა, არამედ „პარი სენ ჟერმენიდან’’ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგი ეპოქის მთავარი ვარსკვლავიც გახდება.

„კვარაცხელიას შეუძლია გახდეს გამანადგურებელი ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლიში’’ სპალეტის დროინდელ საკუთარ შედეგებს აჯობებს. ეს მხოლოდ დროის ამბავია. ის პსჟ-ს ნამდვილი ვარსკვლავი გახდება’’, ― თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა.

საფრანგეთში კი ვალიდ აშერშურმა მეტაფორულად დაწერა ის, რასაც კვარაცხელიაზე ბევრი ფიქრობს: „მან „ლიონთან’’ შეხვედრაში ლიგა 1-ს თავისი Instagram-ის ექაუნთი და Linkedin-ის გვერდი დაუტოვა. პსჟ-ს კვალობაზე გვარიანად უსახურ პირველ ტაიმშიც კი ის იყო ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე, მოედანზე ტრიალებდა და ხიფათს ქმნიდა… მე თუ მკითხავთ, ეს იყო მისი საუკეთესო შეხვედრა პსჟ-ს შემადგენლობაში, რაც სამომავლოდ ძალიან, ძალიან იმედისმომცემი ამბავია. ჩემპიონთა ლიგაში ხომ დიდ მატჩებს ველოდებით’’, ― განმარტა DAZN-ის მიმომხილველმა, რომელიც მოუთმენლად ელოდება კვარაცხელიას თამაშს „ლივერპულთან’’.

კლოდ დაუტელი, foot01