ვიქტორ ოსიმენს თურქეთში დიდებული სეზონი აქვს. „გალათასარაის’’ თავდამსხმელმა სუპერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი ჩააწოდა. ევროლიგაზე მან 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი მიითვალა ― დიდებული შედეგია. სეზონის ბოლოს ნიგერიელი ვარსკვლავი შეეცდება მის მფლობელ კლუბს „ნაპოლის’’ შეუთანხმდეს და ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე მისთვის სასურველ კლუბში გააყიდინოს თავი.
ამ დღეებში ყურადღება მიიპყრო ნიგერიულმა გამოცემამ „ბიზნეს დეი’’, რომელიც წერს, რომ ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან საოცნებო ლიგაში ითამაშებს. საქმე 95 პროცენტით მოგვარებულიაო, ამტკიცებენ ოსიმენის თანამემამულე ჟურნალისტები და ლაპარაკობენ ხუთწლიან კონტრაქტზე, რომლის საბოლოო ვარიანტი მათი თქმით უკვე შედგენილია.
ოსიმენის საოცნებო ლიგად ინგლისის პრემიერლიგა მიიჩნევა, ხოლო კლუბი, რომელთანაც მას თითქოსდა ყველაფერი მოგვარებული აქვს „მანჩესტერ იუნაიტედი’’ უნდა იყოს.
ბოლოხანს „იუნაიტედი’’ ცუდ დღეშია. ამბობენ, რომ ზაფხულში ინგლისის ოცგზის ჩემპიონი შემადგენლობის გადახალისებას იწყებს. „ნაპოლი’’ ვიქტორ ოსიმენში 75 მილიონ ევროს ითხოვს.