„ლიონისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრას საქართველოში ველოდით, როგორც ჩვენი ნაკრების ორი წამყვანი მოთამაშის ერთად ნახვის შესაძლებლობას, მაგრამ მწვრთნელებმა ლუის ენრიკემ და პაულუ ფონსეკამ სხვანაირად განსაჯეს: როდესაც ჟორჟი მოედანზე შევიდა, ხვიჩა უკვე 12 წუთის გასული იყო.
„ეს იყო თამაში, რომელშიც ფეხბურთელებს მოედანზე ფეხი უცურდებოდათ. პირველ ტაიმში გუნდებმა საშუალო ფეხბურთი აჩვენეს, მეორე ტაიმი კი ძალიან განსხვავებული გამოვიდა. ეს განსაკუთრებით ბოლო წუთებზე ითქმის, როდესაც აქეთ-იქით გასულმა რამდენიმე გოლმა დაძაბულობა გააცოცხლა’’, – დაწერა maxifoot-მა. საიტი, რომელმაც მატჩი 10-ქულიანი სკალით 7-ზე შეაფასა, ზოგადად თავშეკავებულია, ქებას იოლად არ იმეტებს. ამ შეხვედრაში კვარაცხელიას შესანიშნავი თამაში (სტადიონზე ხვიჩას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს) მან 7.5 ქულით შეაფასა და ასე დაწერა:
„მაშინ, როდესაც ფეხბურთელების უმეტესობას ფეხი უსხლტებოდა, ქართველი მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობდა. ფიზიკურად ძალიან კარ ფორმაში მყოფი „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელებს შორის დასეირნობდა. მან 9 მცდელობიდან 7 დრიბლინგი წარმატებით შეასრულა (ეს იყო მატჩის რეკორდი სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობით). მას ფაქტობრივად არ ჰქონია დანაკარგი (გადაცემათა 92% ზუსტი იყო). პირველ ტაიმში ტერფის შიდა ნაწილით შეასრულა ლამაზი პასი, რომლითაც დემბელეს საგოლე მომენტი შეუქმნა, მაგრამ მატამ „ლიონი’’ გადაარჩინა. მეორე ტაიმში კი ამხანაგს ოდნავი რიკოშეტით გაუხსნა გზა მეტოქის კარისკენ. 68-ე წუთზე ის ლუკა ერნანდესით შეცვალეს’’.
რაც შეეხება ჟორჟ მიქაუტაძეს, პორტალმა მისი, ისევე როგორც შეცვლაზე შესული სხვა ფეხბურთელების თამაში არ შეაფასა, არადა, დიდი ალბათობით, მასპინძლეთა გამოცოცხლება და ზემოთ აღნიშნული გოლები სწორედ ქართველი ფორვარდის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული. ლიონელთა პირველი გოლის ეპიზოდში მან პარიზელთა დაცვა „გახსნა’’ და საგოლე პასი შეასრულა.
Flashscore-მა კვარაცხელიას 9.0 დაუწერა, ხოლო მიქაუტაძეს — 7.4; whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.8 ქულით შეაფასა, მიქაუტაძისა კი 7.4-ით; sofascore-მა ქართველ ფეხბურთელებს 8.8 და 7.8 დაუწერა.