„პარი სენ ჟერმენს’’ პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული და საპასუხოში სალაპარაკო რომ არაფერი ყოფილიყო, 7:0 დაამატა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. პარიზელები მერვედფინალში გავიდნენ, სადაც „ლივერპულს’’ ან „ბარსელონას’’ შეხვდებიან.
ამ შეხვედრის მიხედვით „ბრესტის’’ შექება ძნელია. მაქსიმუმ ითქვას, რომ ერიკ როას ბიჭებმა გადახალისებული შემადგენლობით შეხვედრის დასაწყისში წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს, მაგრამ მე-20 წუთზე ბრედლი ბარკოლამ ანგარიში გახსნა, 39-ზე კი კვარაცხელიამ მეტოქის კუბოს ლურსმანი დააჭედა. ეს იყო და ეს. მეორე ტაიმში სტუმართა გუნდი გონს ვეღარ მოეგო. ვიტინიას, დუეს, მენდეშის, რამუშისა და მაიულუს (კვარაცხელიას პასით) გოლები უკვე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილი იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საღამოს „პარკ დე პრენსის’’ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.
Maxifoot-მა ხვიჩას ისევე როგორც ბარკოლას, ფაბიან რუისის, ვიტინიასა და მარკინიოსის თამაში 8 ქულით შეაფასა. ფრანგულმა პორტალმა ოსმან დემბელეს 6.5 ქულა დაუწერა, დანარჩენებს კი – 7.
„ეს საღამო ზამთრის შენაძენს (კვარაცხელიას) სიკეთეს მოუტანს. ქართველმა, რომელიც ჩამოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ მოკრძალებულად ირჯებოდა „ბრესტის’’ დაცვაში არსებული ბულვარებით ისარგებლა, თავადაც გაიტანა და მაიულუსაც გაატანინა. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მეხუთე გოლში, რომელიც დუემ შეაგდო’’, – დაწერა საიტმა.
Flashscore-მა კვარაცხელიას 8.4 დაუწერა, whoscored-მა არც მეტი არც ნაკლები – 10, ხოლო sofascore-მა 9.3.
ბოლო ორი პორტალის სერსიით კვარა საუკეთსო იყო, Flashscore-ის აზრით კი მასზე მეტი ქულა ბარკოლას და მენდეშს ეკუთვნოდათ – 9.1 და 8.7.