ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ოთხშაბათმა ასე ჩაიარა: „დორტმუნდმა’’ პსვ-სთან 0:0 ითამაშა. პირველი შეხვედრა 3:0 ჰქონდა მოგებული;

„რეალმა’’ „მანჩესტერ სიტის’’ 3:1 აჯობა. პირველი მატჩიც მადრიდელების სასარგებლოდ დასრულდა – 3:2;

„ეინდჰოვენმა’’ „იუვენტუსს’ 2:1 სძლია, რითაც პირველი შეხვედრის 1:2 გაუბათილა და დამატებით დროში გამარჯვების გოლი დაამატა;

„პარი სენ ჟერმენმა’’ ფრანგულ დაპირისპირებაში „ბრესტს’’ 3:0-ის მერე 7:0-ც მოუგო.

ყველაზე მოულოდნელი პსვ-ს მიერ „იუვენტუსის’’ გაგდება იყო. ჩემპიონთა ლიგიდან იტალიური გუნდების გავარდნა სამშაბათს დაიწყო და ოთხშაბათს გაგრძელდა.

კილიან მბაპემ პეპ გვარდიოლას „სიტის’’ კარში სამი გოლი გაიტანა. მბაპეა ძალიან ძლიერი თუ მანჩესტერელების გუნდი დასუსტდა? – იკითხა ზოგმა მედიასაშუალებამ. ასეა თუ ისე, მადრიდელებმა ბოლო პერიოდში გასაჭირში ჩავარდნილ „ქალაქელებს’’ შინაც აჯობეს და სტუმრადაც. ძნელი სათქმელია რამდენად შეიძლება ამით თავის გამართლება, მაგრამ მადრიდულ შეხვედრაში სტუმრებს ერლინგ ჰოლანდი აკლდათ.

ცუდი დღე ჰქონდა „რეალის’’ ინგლისელ ვარსკვლავ ჯუდ ბელინგემსაც. შეგახსენებთ, რომ ის შაბათს „ოსასუნასთან’’ ლა ლიგის შეხვედრაში მოედნიდან გინების გამო გააგდეს. მსაჯმა ჩათვალა, რომ ინგლისელმა მას მშობლიურ ენაზე შეუკურთხა. „სიტისთან’’ კი ბელინგემმა ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. ფილ ფოდენის წაქცევისთვის მიღებული გაფრთხილება მისთვის მიმდინარე შეჯიბრებაში მესამე გამოდგა.

„რეალს’’ თანაქალაქელი „ატლეტიკო’’ ან „ლევერკუზენი’’ შეხვდება.

„დორტმუნდს’’ სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული, ამიტომ საპასუხო შეხვედრაში დიდად არ უნერვიულია ― 0:0. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გერმანელები პირველ შეხვედაში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს დასკვნა მთლად სოწრი არ იქნება. მაგალითად, მათ 59-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, მაგრამ სერუ გირასიმ მეკარე რუი სილვას ვერ აჯობა.

„პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ბრესტის’’ რბევაში საინტერესო იყო ფრანგი ცენტრალური მცველის პრესნელ კიმპენბეს „პარკ დე პრენსზე’’ დაბრუნება. 29 წლის კიმპემბეს აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო ორი წელიწადი გაუცდა. ის თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მაყურებელმა კიმპემბეს ოვაცია მოუწყო.