ნეაპოლში დიდი ინტერესით აკვირდებიან ხვიჩა კვარაცხელიას თავგადასავალს მის ახალ კლუბში „პარი სენ ჟერმენში’’. ისინი ხშირად იშველიებენ ციტატებს ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებიდან. Areanapoli-მ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულ ბოლო პოსტს დაარქვა: „კვარა პსჟ-ში გასაჭირშია. „ტულუზთან’’ შეხვედრაში მისი სტატისტიკა შოკისმომგვრელი იყო’’. იტალიურმა საიტმა ამ წერილში „ეკიპის’’ სტატია მიმოიხილა.
„პსჟ-ს იმედისმომცემ ზამთრის შენაძენს ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში თავი ჯერ სრულად ვერ უპოვია. შაბათს ტულუზში გამოჩნდა, რომ მას ახალი თავგადასავალი ჯერ არ დაუწყია. ჩამოსვლიდან ერთ თვეში მან გავლენა მხოლოდ ერთ თამაშზე იქონია, რაც მინიმალური შედეგია. „ტულუზის’’ წინააღმდეგ კვარაცხელიამ თამაში შეტევის უკიდურესად წინა პოზიციაზე დაიწყო. ის იყო თავისებური ცრუ ცხრიანი, რომელიც ამაოდ ელოდა ბურთს მეტოქის საჯარიმო მოედანში. პირველ ტაიმში საჯარიმოში კვარა ბურთს სულ სამჯერ შეეხო, მეორეში კი მხოლოდ ერთხელ.
ბოლო შეხვედრებში სწორედ ამ პარიზელს აქვს ზუსტი პასების ყველაზე დაბალი პროცენტი, თითქოს ჯერ კიდევ არ იცნობს თავის თანაგუნდელებს. ეს არის ადაპტაციის ლოგიკური და აუცილებელი პერიოდი, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლის’’ ყოფილი მოთამაშე კარგად გამართულ, მზარდ გუნდში მივიდა. ასეთ ვითარებაში ადგილის პოვნა ადვილი არ არის.
შეხვედრის ბოლო 15 წუთში ლუის ენრიკემ ის მარცხენა ფრთაზე გადაიყვანა და მუსიკა შეიცვალა. ამ პოზიციაზე კვარაცხელია უფრო მოქნილად გამოიყურებოდა. ცრუ ცხრიანის პოზიციაზე კი მეტოქის საჯარიმოში შეზღუდული და უმწეო ჩანდა’’, – წერს „ეკიპი’’.
როგორც ხედავთ, ფრანგული გაზეთს კვარაცხელიას ძიებისადმი საღი დამოკიდებულება აქვს. მას ესმის, რომ დალაგებულ, ძლიერ გუნდში ზამთარში მისულ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. გაზეთი აგრეთვე წერს, რომ ქართველი მარცხენა ფრთიდან უფრო სახიფათოა, ვიდრე ცენტრფორვარდის პოზიციაზე, რაშიც ვერ შეედავები. ფაქტია, რომ პარიზელთა მწვრთნელი და თავად კვარა შემოქმედებით პროცესში არიან და ასეთი წერილისთვის სათაურად „შოკისმომგვრელისა’’ და „გასაჭირის’’ დარქმევა გადაჭარბებული გვგონია, მითუფრო, რომ გუნდმა თამაში მოიგო (1:0).