ვიდრე ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალის გზის გაკაფვით იყვნენ დაკავებულნი, ნაკრებს მიღმა მყოფმა ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი ტური გამართეს. კერძოდ, ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ში თავისი 101-ე მატჩი მე-10 ლელოთი აღნიშნა, ნიკა სუთიძემ იგივე დონეზე თავისი პირველი ლელო მიითვალა, ხოლო ლუკა უნგიაძემ პრო დ2-ში დებიუტი იზეიმა.
ტოპ 14
ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი კვლავ შეიცვალა. მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ „ბორდოს“ ბაიონური წაბორძიკებით ისარგებლა, თავად კლერმონში მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. „კლერმონში“ გიორგი ახალაძემ სტარტიდან 50-ე წუთამდე ითამაშა და ეს იყო მისი მე-10 მატჩი ტოპ 14-ში, მისმა გუნდმა კი შინ 18:35 წააგო, თუმცა პლეიოფში გამსვლელი მ-5 ადგილი მაინც შეინარჩუნა.
ამასობაში „ტულონმა“ მორიგი გამარჯვება იზეიმა და ქულებით „ბორდოს“ გაუთანაბრდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით მე-2 საფეხურს ჯერჯერობით უთმობს. ამ ჯერზე ტულონელებმა პირველხაზელების საქართველოს ნაკრებში გაშვებით დასუსტებულ „მონპერლიეს“ სტუმრად 38:30 მოუგეს, ბექა გიგაშვილმა კი, როგორც ითქვა, თავი ლელოთი ისახელა. თავის 33-ე დაბადების დღეს ქართველმა ვარსკვლავ-ბურჯმა საკუთარი ოსტატობა კიდევ ერთხელ დაადასტურა – 54-ე წუთზე ტულონელთა ტანკივით მტკიცე მოლს ჩათვლის მოედანზე შეჰყვა და საჭირო დროს ბურთი დაამიწა კიდეც. გვაპატიოს ბექამ, რომ გასულ ტურში მისი მე-100 მატჩის ფაქტი გამოგვეპარა, სამაგიეროდ დღეს ვულოცავთ მეორე ასეულის დახურდავებას, მე-10 ლელოს და 33-ე დაბადების დღეს!
იქვე, საპლეიოფო ზონაშივე „კასტრიცაა“, რომელმაც პერპინიანში ფრედ ითამაშა – 20:20. ლევან ჩილაჩავა სტუმართა სასტარტოში იყო და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის სეზონში მესამეა.
„რასინგ-92“ კი შავ დღეშია – გასულ ტურში აუტსაიდერ „ვანთან“ საკუთარ მოედანზევე 25:30 დამარცხდა და ბოლოსწინა, მე-13 ადგილზე დაფუძნდა. პარიზელთა შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში 99-ე მატჩი ჩაატარა, ანუ მომდევნო მისთვის მე-100 იქნება, რაც გურამის ასაკის (26 წლის) გათვალისწინებით მეტად სოლიდური მიღწევა იქნება.
ნიკა სუთიძის სადებიუტო ლელო ვახსენეთ და ეს მოხდა მისი „ლა როშელისთვის“ მეტად წარუმატებელ მატჩში. ქართულ ნაკრებში დელეგირებული ბორჯღალოსნების გარეშე მოთამაშე „ლიონმა“ ოკეანისპირელები 52:17 დაამარცხა, ხოლო სუთიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და 71-ეზე ლიონელთა ხანგრძლივი ჩეჩქვა ლელოში ბურთიანად შეხტომით დაასრულა. ეს იყო 21 წლის კვაჭისთვის პირველი ლელო ტოპ 14-ში გამართულ მე-4 მატჩში.
პრო დ2
ამ ლიგაში ქართველებს თავი ინდივიდუალურად არ გამოუჩენიათ. სამაგიეროდ, შედგა კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა კვაჭის დებიუტი – შარშანდელი იუნიორი, 20 წლის ლუკა უნგიაძე „ნევერის“ შემადგენლობაში 52-ე წუთზე გამოჩნდა თუმცა მისი გუნდი მონტობანში მსხვილად კი დამარცხდა – 23:60.