საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქში ადგილობრივი „ლომები“ 62:32 დაამარცხა და ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვამბობთ, რომლის მოგებასაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ ეშურებიან, თუმცა საბოლოო მიზნამდე კიდევ ორი მატჩია მოსაგები, მათ შორის – 1 ან 2 მარტს ნახევარფინალი რუმინეთთან და ეს იქნება იმავდროულად ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგი გათამაშებაც.
მადრიდში კი ბევრი რამ პირველად მოხდა. მაგალითად, დავით ნინიაშვილმა პირველად უკაპიტნა საქართველოს ნაკრებს და ამ საპატიო სტატუსის მატარებლთა შორის რიგით 36-ე გახდა. მარქაფიდან შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ ბორჯღალიანი კვართით პირველი და საკმაოდ ეფექტური ლელო გაიტანა, ხოლო ფულბექად მოთამაშე დაჩი პაპუნაშვილმა მეორე ტაიმში 4 ლელო უნაკლოდ გარდასახა და ასევე გახსნა თავისი სანაკრებო ანგარიში. კიდევ ის მოხდა პირველად, რომ აქამდე ქართულ ნაკრებს ესპანურისთვის ერთ მატჩში 10 ლელო არასდროს გაეტანა, ხოლო ესპანელებს ქართველებთან 32 ქულა არ დაეგროვებინათ. ბორჯღალოსნებს ესპანეთში ამაზე მეტი სხვაობითაც ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ასეთი უხვქულიანი მატჩი ამ გუნდებს შორის პირველად შედგა.
შეიძლება ითქვას, რომ რიჩარდ კოკერილის გუნდის თამაშის ხარისხს დიდი არაფერი დაეწუნებოდა. იყო შეცდომები და ესპანელთა 32 ქულა ამის დასტურია, მაგრამ როცა 10 ლელოს დადებას გასვლით მატჩში ახერხებ, ეს უკვე ის შემთხვევაა, როცა აუგის ან რამენაირი საყვედურის თქმა უადგილოა.
ლელოები გავიდა ისეთი, თვალსა და გულს რომ გაუხარდებოდა. აკა ტაბუცაძემ ორჯერ გაილაღა, მისი ორი ლელოდან კი ერთ-ერთი იყო არა ფლანგური სპრინტის შედეგი, არამედ ცენტრიდან დრიბლინგით ესპანური დაცვის გარღვევა და ლელოში ეულად შერბენა.
დავით ნინიაშვილმა თავისთვის უჩვეულო, მგეზავის პოზიციაზე არცთუ ურიგოდ ითამაშა, თუმც მაინც ვერ ამბობდა უარს ინდივიდუალურ გარღვევებზე. აკი დადო კიდეც 3 ლელო. მართალია, პირველ ტაიმში „ნინიმ“ ბორჯღალოსანთა 6 ლელოდან ორად ორი გარდასახა, მაგრამ ეს არაა მისი პირდაპირი დანიშნულება და მეორე ტაიმში ეს ფუნქცია გაცილებით უნარიანად პაპუნაშვილმა შეასრულა.
კიდევ თითო ლელო ილია სპანდერაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ, ვანო კარკაძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ხსენებულმა ქვათაძემ გაიტანეს. უკლებლივ ყველა ლელო იყო მაღალი ხარისხის, გუნდი დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდა, თუმცა 4 ლელო კი მიიღო.
კიდევ ერთი რამ: ინგლისელმა რეფერიმ გიორგი კვესელაძეს ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი და დაახლოებით ნახევარი საათი ბორჯღალოსნებმა რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, რუმინეთთან თბილისურ ნახევარფინალში ჩვენს ნაკრებს ბექა გორგაძის გარდა დისკვალიფიკაციის გამო „კვესოც“ დააკლდება. თუმცა, როგორც მადრიდულ მატჩში გამოჩნდა, იძულებით გამოკლებული ლიდერთა ხუთეულის ნაცვლად მოთამაშე ბიჭებმა საქმე მშვენივრად შეასრულეს, ანუ ნაკრების ყველა პოზიციაზე სოლიდური კონკურენცია და სიღრმეებია.
ორი კვირა ვისვენებთ და შემდეგ რუმინეთს ვუმასპინძლებთ. მეორე ნახვარფინალი პორტუგალიაში გაიმართება, სადაც იქაური ნაკრები ქართველების მიერ ძლეულ ესპანელებს უმასპინძლებს, ანუ დიდი ალბათობით ფინალში კვლავაც საქართველო და პორტუგალია ითამაშებენ.