„პარიზიენი’’ „ტულუზისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის შესახებ (0:1) ასე წერს: ეს ნამდვილად არ იყო მატჩი, რომელიც პსჟ-ს ისტორიაში დარჩება, მაგრამ ამ საღამოს მნიშვნელოვანი სხვა რამ გახლდათ. ტულუზში გამარჯვებით სტუმარმა გუნდმა ლიგა 1-ში დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა. ის ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს და მდევარ „მარსელს’’ 10 ქულით უსწრებს. გარდა ამისა პსჟ-ს 2025 წელს არ წაუგია.
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებულთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა:
„ჩვეულებრივი მატჩი გვქონდა. მეამაყება, რომ ჩვენთან არ აქვს მნიშვნელობა, ვის აცვია ამა თუ იმ შეხვედრაში პსჟ-ს მაისური. გუნდი სულ ერთსა და იმავე განწყობაზეა. უკვე ბევრ შეხვედრაში ვაჩვენებთ, რომ ყოველთვის ვიბრძვით, ქულებს არ ვანგარიშიბთ და მიზნად მუდამ გამარჯვება გვაქვს დასახული’’.
ამ შეხვედრაში თქვენი გუნდის ძალა გამოვლინდა?
ტულიზში თამაშის მიხედვით ამის თქმა ძნელია, რადგან ეს გუნდი თავს კარგად იცავს. ის კარგად არის ორგანიზებული. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოვიგეთ ლიგა 1-ის მატჩი, რომლის ჩატარებაც ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრას შორის მოგვიხდა. გუნდმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ შეჯიბრებაში მაღალ დონეზე თამაშობს. ვფიქრობ დღეს კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მოედნის მდგომარეობამ არ შეგვიწყო ხელი. ყველა შეჯიბრებაში მიზნის მისაღწევად საჭიროა ფეხბურთელები ჯანმრთელად და საბრძოლველად გყავდეს განწყობილები.
ფაბიან რუისისა და სენი მაიულუს თამაშით კმაყოფილი დარჩით?
ფაბიანმა გოლი გაიტანა. მას პსჟ-ში გოლები აკლია. ესპანეთის ნაკრებში მეტი გააქვს. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. სენის (18 წლის ნახევარმცველი, პარიზის გარეუბნიდან, საფრანგეთის 20 წლამდელთა ნაკრებში 4 თამაში, 1 გოლის ავტორი) ბურთით თუ უბურთოდ მოქმედების საოცარი უნარი აქვს. ის მე მახარებს, რომ მაიულუ ბევრ დაკარგულ ბურთს იბრუნებს. ჩვენ მას ვენდობით. ის გვაჩვენებს, რომ დიდი კონკურენციის პირობებში მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია. ეს ორი ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
„ტულუზთან’’ თამაშის გეშინოდათ?
ვიცოდი, რომ ეს მატჩი ჩვენთვის თავის ტკივილი იქნებოდა. ჩვენ სივრცეების მოძებნა გაგვიჭირდა და სახიფათო მომენტებიც ამიტომ ვერ შევქმენით. ძნელია ასეთ დაცვას სივრცეები გაუხსნა.
შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა ფეხბურთელებმა ისიამოვნეს იმ ფეხბურთით, რომელიც ითამაშეს?
ვფიქრობ, ჩემი პრინციპების მიხვედრა ძნელი არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვარჯიშებსა და თამაშებზე ფეხბურთელები სიამოვნებას იღებდნენ. მნიშვნელოვანია ისიამოვნო ყოველი საუბრის, ვარჯიშის, მატჩის დროს. გასული სეზონიდან მოყოლებული სწორედ ამას ვცდილობთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველდღე პრობლემების დაძლევას ცდილობს და ამის დიდი რესურსი აქვს. მსიამოვნებს როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელებს უხარიათ რასაც აკეთებენ.