ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლას ისევ ვერ შეგუებიან. პორტალი Areanapoli სოციალურ ქსელებს აკვირდება. ის წერს, რომ პარიზელ ფანებს ქართველი ფეხბურთელი უკვე შეუყვარდათ. პსჟ-მ გულშემატკივრებს „ნაპოლის’’ ყოფილი 77 ნომრის ვიდეო შესთავაზა, რომლის ქვეშაც ასეთ კომენტარებს ვხვდებით:
„თუ ნეაპოლში ის კვარადონა იყო, ჩვენკენ რონალდინიომ გაიარა და ვინაიდან ზოგიერთი ჯადოქრული მოქმედებით კვარა მას გვაგონებს, ჩვენ მას კვარალდინიოს დავუძახებთ. ჯერ გადაჭრით ლაპარაკი ადრეა, მაგრამ მკაფიოდ ვგრძნობთ, რომ მაღალი კლასის გამო ის ძალიან შეგვიყვარდება’’.
პარიზელი გულშემატკივარი ნეაპოლელებს პატივს სცემს. ფრანგულ და იტალიურ კლუბებს შორის ოდითგანვე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და სწორედ ამის შედეგია მაგალითად ასეთი პოსტები:
„ძვირფასო ნეაპოლელო მეგობრებო, ალბათ კვარაზე გაბრაზებულები ხართ, მაგრამ მან ცხოვრებისეული და ეკონომიკური არჩევანი გააკეთა. თან არ დაგავიწყდეთ, რომ მან თქვენი გუნდის მაისურით ჩემპიონის ტიტული მოიგო, ეს კი ყოველდღიური ამბავი არ არის. გარდა ამისა, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ სკუდეტოს სიმბოლო თქვენს მაისურებზე იმ დიდი თანხების წყალობითაც გაჩნდა, პსჟ-მ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფეხბურთელის სანაცვლოდ რომ გადაგიხადათ. ეს ფეხბურთელები იყვნენ ესეკიელ ლავეცი, ედინსონ კავანი, ფაბიან რუისი და ახლა კვარა. მეგობრებო, 200 მილიონი ცოტა ფული არ არის’’.