
ბოლოხანს „პარი სენ ჟერმენი’’ შესანიშნავ ფორმაშია, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „ბრესტს’’ 3:0 მოუგო, ხოლო ლიგა 1-ის ცხრილს ქულათა დიდი მარაგით ლიდერობს. ლუის ენრიკეს გუნდი უძლეველის შთაბეჭდილებას სტოვებს. მას ჰყავს ლიდერი, ოსმან დემბელე ― თავდამსხმელი, რომელიც მოედნიდან გოლის გატანის გარეშე არ გადის. პარიზელთა მწვრთნელმა „ტულუზთან’’ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. გთავაზობთ მის ამონარიდებს.
„ტულუზთან’’ შეხვედრა ალბათ კარგი მიზეზია რამდენიმე ფეხბურთელის დასასვენებლად.
როდესაც ჩემი ფეხბურთელების უნარებსა და პროფილებს ვუყურებ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ვგრძნობ, რომ მათი მწვრთნელობა მეამაყება. ვფიქრობ, ბიჭებს კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელოვანია პსჟ-ს მაისურით თამაშს.
თქვენი გუნდი განსაკუთრებით შეტევაში გამოირჩევა. რას იტყოდით ამის შესახებ?
აშკარაა, რომ მნიშვნელოვან და ძალიან სასიამოვნო მომენტში ვიმყოფებით. დღეს ეფექტურობით ერთი რომელიმე ხაზი კი არა, მთელი გუნდი გამოირჩევა და ეს ძალიან სასიხარულოა. გვინდა ყველა შეჯიბრებაში გამარჯვებისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ და ჩვენს გულშემატკივარს სიხარული მოვუტანოთ.
ტულუზში რანაირ მატჩს ელით?
ამ გუნდს ბოლოხანს შინ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელი კარლეს მარტინესი ჩვენს სტილს ძალიან კარგად იცნობს. გასულ სეზონში ორი შეხვედრიდან ერთიც ვერ მოვუგეთ. აშკარაა, რომ რთული მატჩი გველოდება. მათ კარგად იციან, როგორ შეგვიქმნან პრობლემები, ეს ადრეც გაუკეთებიათ.
რაც პსჟ-ს მწვრთნელი გახდით, ასეთი კარგი პერიოდი არ გქონიათ.
ნიშნებს სასწავლო წლის ბოლოს წერენ. როდესაც საქმე კარგად მიდის, პოზიტიურ მომენტებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ხოლო როდესაც საქმე მთლად კარგად არ არის, ნეგატივზე გადავერთვებით ხოლმე. ვფიქრობ, კლუბი ყველაფერს აკეთებს დადებითი კურსი რომ შევინარჩუნოთ.
ჟოაო ნევეშის წვლილზე რას იტყოდით?
მისი ოსტატობა ეჭვგარეშეა. მისი ადაპტაციის დრო, ბერალდოსი არ იყოს, მოკლე გამოდგა. ის ბურთთან შესანიშნავია და მისი დაკარგვის შემდეგ ჩინებულად რეაგირებს. ასეთი თამაში სწორედ ის არის, რაც მისგან გვინდა. ამ უნარების მქონე ფეხბურთელების პოვნა ჩვეულებრივ ძნელია.
თქვენი გუნდი დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად მართლაც ჩინებულად მოქმედებს.
ამაზე ფეხბურთელებთან ბევრი ჩიჩინი აღარ მიწევს. მათ ყველაფერი ზეპირად იციან. ისინი თავიანთ ზონებს ვარჯიშებზე ყოველდღიურად ამუშავებენ. ჩვენ ყველა ასპექტის გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ. არ აქვს მნიშვნელობა „ტულუზს’’ ვხვდებით თუ სხვა გუნდს. გეთანხმებით, დაკარგული ბურთის დაბრუნება გვეხერხება, მაგრამ ვფიქრობ გამოსასწორებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის.
როგორ ინარჩუნებთ ფეხბურთელების საღ ფიზიკურ მდგომარეობას?
აქ მთავარი ის არის, რომ მათ იციან: ჩვენ ვენდობით. ამიტომაც ვცვლი სასტარტო შემადგენლობას რეგულარულად. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და არა მხოლოდ ამხანაგურებში. გარდა ამისა, ბიჭები ხედავენ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სერიოზულ შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსი. ჩვენი მთავარი იდეა ასეთია: მეტოქისთვის ამოუცნობი უნდა დავრჩეთ, თავად კი ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. მე მომწონს, თუ როგორ თამაშობს ჩემი გუნდი. საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს ვუყურებთ და მგონი ჯიდევ გვაქვს სივრცე განვითარებისათვის.
ოსმან დემბელეს საუცხოო პერიოდი უდგას. როგორია ამაში თქვენი წვლილი?
ყველაზე კარგი რაც მე მას გავუკეთე არის ის, რომ შემოდგომაზე ლონდონში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „არსენალთან’’ სათამაშოდ არ წავიყვანე. მაშინ გამაკრიტიკეს, მაგრამ ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დანარჩენი კი თავად დემბელემ გააკეთა. (მაშინ ლუის ენრიკემ დემბელეს საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში დასდო ბრალი და დასაჯა).
როგორ მუშაობთ ფაბიან რუისთან, მისი წვლილი გუნდის თამაშში დიდი რომ იყოს?
მისი თამაშით გასულ სეზონში ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ვიცი, ფაბიანს პარიზში ჰქონდა მომენტები, როდესაც წვლილი ვერ დაუფასეს, მაგრამ ის ჩემი ნახევარდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას შეუძლია მეტოქის კართან მოძებნოს სივრცეები, შექმნას სახიფათო მომენტები. ევროპის ჩემპიონატის დღეებში ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როდესაც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ფაბიან რუისს არ ვიძახებდი და ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო. ჩვენთვის ფაბიან რუისი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.