
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი 27 წლის ოსმან დემბელე შესანიშნავ ფორმაშია. 2025 წელს მას გოლი გოლზე გააქვს. ბოლო შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში, „ბრესტს’’ ორჯერ გაუტანა და ახლა, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 28 მატჩში 23 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ დემბელეს მოედანი „მშრალად’’ ზედიზედ 8 შეხვედრაში არ დაუტოვებია. ფრანგული პრესა წერს, რომ თავდამსხმელს უკვე შეუძლია ტიერი ანრის რეკორდის მოხსნაზე იფიქროს.
ლეგენდარულმა ანრიმ 2000 წლის მარტიდან მაისამდე ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ 10 შეხვედრაში გაიტანა. ეს ფრანგთა შორის საუკეთესო შედეგია.
ანრის რეკორდთან ყველაზე ახლოს იყო ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც დღეს „ლიონში’’ ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელია. მან 2014 წლის დეკემბერიდან 2015 წლის იანვრამდე ზედიზედ 9 შეხვედრაში შეაგდო. მაშინ ის სწორედ „ლიონში’’ თამაშობდა.
ზედიზედ 8 შეხვედრაში გაიტანეს კილიან მბაპემ (2019-ის ნოემბრიდან 2020-ის იანვრამდე; პსჟ) და მუსა დემბელემ (2022 წლის აპრილიდან აგვისტომდე; „ლიონი’’).
საინტერესოა, როდის შეჩერდება 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ ოსმან დემბელე სხვადასხვა დროს თამაშობდა „რენში’’, „ბარსელონაში’’, „დორტმუნდში’’ და ახლა „პარი სენ ჟერმენშია’’.