Of Bayern Muenchen Karl Heinz Rummenigge and Honorary President of Bayern Muenchen Uli Hoeness during the Bundesliga match between FC Bayern München...გერმანულმა „ბილდმა’’ ლეგენდარულ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ ჩამოართვა. მოგეხსენებათ, რუმენიგე „ბაიერნის’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ვეტერანმა თქვა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აუცილებლად დაიმსახურებს მაყურებლის დიდ მოწონებას, თუმცა ისიც დასძინა, რომ ზოგადად ფეხბურთი ხელფასებზე და მოთამაშეთა რეგისტრაციაზე გადაჭარბებული დანამატების გამო ინვოლუციის გზას ადგას. მოვიყვანთ ციტატებს რუმენიგეს ინტერვიუდან:

…კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჯიბრება, რომელსაც ემოცია აკლდა. ახალი ფორმატი ამ მდგომარეობას შეცვლის. წინა ჯერზე, ზამთარში, შვიდი გუნდის მონაწილეობით შეჯიბრება მოსაწყენი გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგის მფლობელი ჩადის ასეთ ტურნირზე და წინასწარ იცის, რომ შინ გამარჯვებული დაბრუნდება. ასეთი რამ გულშემატკივრის გულს არ ეხება…

…ის, რომ ფიფამ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი შემოიღო ჩემთვის სასწაულის ტოლფასია. პირველად ისტორიაში ნაკრებების შეჯიბრება, კონფედერაციათა თასი, საკლუბო შეჯიბრების გამო გადადეს. კალენდარი გადატვირთულია? ჩვენმა ფეხბურთელებმა ამის გამო წუწუნს თავი უნდა დაანებონ. ყველა კონტრაქტი, რომლის ხელმოწერასაც დავესწარი, ერთადერთ რამეს გულისხმობდა: სულ მაღლა და მაღლა, წინ და ჩქარა. ფული არსაიდან არ იშოვება. ის საიდანმე უნდა მოვიდეს…

…თუ საფეხბურთო ინდუსტრია მომავალშიც იმ მიმართულებით წავა ახლა რომ მიდის, ჩვენ მივიღებთ მდგომარეობას, როდესაც სარფი აღარ იქნება. იქნება მხოლოდ დანაკარგი. ჩვენ კედლისკენ მივექანებით, გაზის პედლიდან ფეხის აღება კი არავის უნდა. არადა, მაპატიეთ გამოთქმისთვის, და „ბაიერნის’’ ფეხბურთელები 20 მილიონის ნაცვლად 15 მილიონს რომ იღებდნენ, მაინც გიჟური რიცხვი იქნებოდა…

…„სუპერლიგა’’ ვერასდროს იარსებებს ისე, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული ― იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის წამყვანი კლუბების მონაწილეობით. ამ პროექტს ხორცი ვერ შეესხმება, რადგან მასში „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ მეტი არავინ მიიღებს მონაწილეობას. ახლა მეორე ეშელონის კლუბებთან ცდილობენ დაახლოებას, მაგრამ ეს რაღა „სუპერლიგა’’ იქნება…

…„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კარგად ვიცნობ, ის ჩემი მეგობარია. ის სანდო პიროვნებაა, მაგრამ ყატარში 2022 წელს ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ულტრა ჯგუფებმა ალ-ხელაიფი მტრად შერაცხეს, რაც უსამართლობაა…

…გერმანიაში უნდა შევწყვიტოთ ფიქრი, რომ ჩვენი ფასეულობები ყველაზე სწორია და ის მთელმა მსოფლიომ უნდა გაიზიაროს. პოლიტიკოსები და სამწუხაროდ საფეხბურთო სამყაროც დიდ შეცდომას უშვებს. ფრენც ბეკენბაუერი ყოველთვის ამბობდა: როგორც კი სხვებისკენ თითს გაიშვერ, ოთხი თითი შენკენ მოტრიალდება’’.