თბილისის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის პორტუგალიში შეკრება გაიარა.

კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა, თბილისელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრებში ნათამაშები ვაკო გვილია დაიმატეს, ამას გარდა გუნდში ჩაირიცხნენ ლეგიონერები  – ჯონ არტური,  დანიელ ოვუსუ და ლეო ასუნსეო. ცოტა ხნის წინ კი „დინამოს“ ნიკოლოზ ქუთათელაძე შეუერთდა.

ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის „სლავიის“, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიებში ვარჯიშობდა, საიდანაც რუსეთში გადავიდა. კარიერის განმავლობაში თამაშობდა მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკი 2“-ში, ბოლოს კი „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ ღირსებას იცავდა.

თავდამსხმელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ, ხოლო 17-წლამდელთა ნაკრებში ერთი გოლი აქვს გატანილი.