Exterior view of Old Trafford stadium.„მანჩესტერ იუნაიტედის’’ თანამფლობელს სერ ჯიმ რეტკლიფს კლუბიდან 100-200 თანამშრომლის გაშვება განუზრახავს — ხარჯი მკვეთრად თუ არ შევამცირე, კლუბი გაკოტრდებაო.

72 წლის რეტკლიფმა მანჩესტერული კლუბის 27.7 პროცენტის შესაძენად შარშან 1 მილიარდი გირვანქა გადაიხადა და… წმენდას შეუდგა. გასული წლის ივლისში მან 1150 თანამშრომლიდან 250 გაათავისუფლა. მეპატრონემ არც ეგრეთწოდებული კლუბის ელჩები დაინდო, ხელფასები შეუმცირა მათ. „რეპრესიებში’’ მოყვა თვით სერ ალექს ფერგიუსონი. როგორც „გარდიანი’’ წერს, რეტკლიფმა განაცხადა, რომ ხარჯის შემცირების გარდა სხვა გზა არ აქვს.

„სანი’’ წერს, რომ „იუნაიტედმა’’ ბოლო სამ წელიწადში 300 მილიონის ზარალი განიცადა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ რეტკლიფს შარშან 240 მილიონი რომ არ ჩაედო, კლუბი უბრალოდ უფულოდ დარჩებოდა. მეპატრონემ კარგად იცის, რომ ნაბიჯები რომელსაც ის დგამს და რომლის გადადგმასაც მომავალში აპირებს, გულშემატკივრებში პოპულარული ვერ იქნება, მაგრამ უკან არ დაიხევს. ზაფხულში, როდესაც ახალი სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება, გუნდში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ დარჩება. „დახლზე’’ შეიძლება ყველას სახელი და გვარი დაიწეროს.

ცუდი დრო დგას მოედანზეც. „წითელი ეშმაკები’’ პრემიერლიგის ცხრილის ქვედა ნახევარში იმყოფებიან. მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა აღიარა, რომ გავარდნა გამორიცხული სულაც არ იყო და თავის გუნდს „ისტორიაში ყველაზე ცუდი იუნაიტედი’’ უწოდა.

პრემიერლიგაში 2015-16 წლების სეზონიდან მოქმედი „სარფისა და მდგრადობის წესის’’ (PSR) გვერდის ასავლელად სავარაუდოდ ინვესტირების დაწყებამდე გაიყიდებიან თავად „იუნაიტედის’’ აღზრდილი ვარსკვლავები მარკუს რეშფორდი და კობი მეინუ. იანვრის ბაზარში მანჩესტერელებს არ უაქტიურიათ. მათ „ლეჩედან’’ 30 მილიონ ევროდ დანიელი მცველი პატრიკ დორგუ იყიდეს და „არსენალიდან” სავარაუდოდ 300 ათასად 18 წლის აიდენ ჰევენი დაიმატეს. სულ ეს იყო.

რეტკლიფს „ოლდ ტრაფორდთან’’ დაკავშირებითაც დიდი გეგმები აქვს. მას ისტორიული ნაგებობის დანგრევა და მის ადგილას 100 ათასიანი „ჩრდილოეთის უემბლის’’ აშენება სურს. პროექტი დაახლოებით 2 მილიარდი გირვანქა დაჯდება. ამასთან დაკავშირებით მთავრობა თავის გადაწყვეტილებას ზაფხულამდე იტყვის.