Luis ENRIQUE head coach and Khvicha KVARATSKHELIA of PSG during the Ligue 1 MCDonald's match between Paris and Reims at Parc des Princes on January...„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჯგუფური ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში გამარჯვების წყალობით გავიდა და ახლა „ბრესტს’’ ხვდება. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეხვედრის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა.

„ბრესტთან’’ თქვენი ყველა მატჩი სანახაობრივი გამოდის. თავად თუ ხვდებით რატომ?

მაყურებლისა და ჟურნალისტებისთვის ეს თამაშები საინტერესოა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს. „ბრესტთან’’ შინაც და სტუმრადაც გვიჭირს. მათ ორ წუთში ორი გოლის გატანა შეუძლიათ. „ბრესტთან’’ თამაში ძალიან რთულია, ის კარგად აგებული გუნდია, კარგად უტევს, თავს კარგად იცავს, ეგრეთწოდებულ მეორე ბურთებზე კარგად თამაშობს და საჯარიმოში ხშირად აწვდის. მასთან თამაში ადვილი არასდროს არის.

ზედმეტი თავდაჯერებულობის პრობლემა ხომ არ გაქვთ?

არ ვიცი ხვალინდელი შეხვედრა როგორ წარიმართება, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მისი ფასი გვესმის და კარგად ვხვდებით ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობას კლუბისათვის. საკუთარი თავის გადაჭარბებული რწმენა არ გვაწუხებს. „ბრესტს’’ მოგება შეუძლია. წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა.

თქვენთვის საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ის, რომ „ბრესტს’’ ამ შეხვედრაში ნაკლები ფსიქოლოგიური ზეწოლა აქვს?

ეს უთუოდ საფრთხეა. „ბრესტი’’ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. ის ძალიან კონკურენტუნარიანია. ასეთ დონეს რომ მიაღწიეს ამ გუნდს და მის მწვრთნელს ქების სიტყვები ეკუთვნის.

თამაშის ბედი ნახევარდაცვაში გადაწყდება?

მთელი 90 წუთის განმავლობაში ყურადღებით უნდა იყო. ნებისმიერ დეტალს მნიშვნელობა აქვს. უნდა იყო ეფექტური, დაუშვა რაც შეიძლება ცოტა შეცდომა, თამაში უნდა წარიმართოს ისე, როგორც შენ გინდა. ჩვენ პრესინგი გვეხერხება, „ბრესტი’’ კი მეტოქეებს მოკლე და გრძელი პასებით ორად ყოფს. მას ბევრი საფრთხის შექმნა შეუძლია. შეიძლება 2:0-ს უგებდე და უცებ ანგარიში 2:2 გახდეს.

თქვენთვის რამდენად მოუხერხებელია ის, რომ სწორედ „ბრესტს’’ ხვდებით?

კარგია ფრანგულ გუნდს რომ ვხვდებით. კარგი იმიტომ არის, რომ შემდეგ ეტაპზე ყველა ვარიანტში ფრანგული გუნდი გავა. დიახ, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ ფეხბურთს სიურპრიზები სჩვევია. ყოველთვის უკეთესი გუნდი ვერ იმარჯვებს.

ერიკ როამ თქვა, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგაში მის ბოლო მეტოქეზე, „რეალზე’’ ძლიერი გუნდია. რას ფიქრობთ ამაზე?

არ ვიცი. ვერაფერს გიპასუხებთ.

ამასწინათ თქვენ თქვით, რომ ოსმან დემბელე კომფორტული ფეხბურთელია. რამდენად კომფორტულია ის?

ყოველთვის ვიყავი ოსმან დემბელესნაირი ტექნიკური ფეხბურთელების მხარდაჭერი და დღესაც ასეთად ვრჩები, მაგრამ ჩვენ სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც გვყავს და ისინი არ უნდა დაგვავიწყდეს: ბარკოლა, რამოსი, დუე, კვარაცხელია. დემბელე კი ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა. მას გოლის გატანა ერთი შეხებითაც შეუძლია. მას აქვს არაჩვეულებრივი სტატისტიკა. ჩვენ მას ვიცნობთ როგორც გარემარბს, მაგრამ ის ყველგან გადაადგილდება. სურპრიზები კი გამუდმებულ მოძრაობას მოაქვს. ის 9 ნომრად მხოლოდ თავის დერეფანში კი არ მოქმედებს. ჩვენ მისი უნარების ასეთ განვითარებას მივესალმებით და მისგან დიდ სარგებელს ვიღებთ.