საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ ვერაფერი დავუპირისპირეთ იმ ეპიზოდებს, როდესაც მეტოქე რიცხობრივ უპირატესობას გვიქმნიდა. მაღალი პრესინგის ქვეშ ვიყავით. მხნეობა არ გვაკლდა, მაგრამ ასეთმა მომენტებმა შედეგზე გავლენა იქონიეს. ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს. ერთადერთი, რასაც მათ ვსაყვედურობ „ლეჩესთან შეხვედრის’’ (11 იანვარი) 20 წუთია. გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. „მილანმა’’ მოედანზე პულიშიჩი, ლეაო და ხიმენესი შეიყვანა, ჩვენ კი ორი ბიჭი პრიმავერადან (ახალგაზრდული გუნდიდან). ჩვენთან იტალიაში შედეგს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თამაშის თვალსაზრისით, ჩავარდნა არ გვქონია’’.
pianetaempoli — 5.0 გოგლიჩიძეს „მილანის’’ მეორე გოლში ბრალი მიუძღვის, მაგრამ ზოგადად მსუბუქად თამაშობდა. იმედი ვიქონიოთ, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვის შემდეგ ის ძველებურად მობილიზებული გახდება.
Tuttomercatoweb ― 5.0 ჟოაო ფელიშის ფინტების წინაშე არ კანკალებდა, მაგრამ რაფა ლეაოს დაკეტვა დაავიწყდა. მეორე გოლის ეპიზოდში ხიმენესმა აჯობა.
eurosport — 5.0 თამაშში გახურების გარეშე მოუხდა ჩართვა, მაგრამ რიტმში კარგად ჩაჯდა. მეორე გოლის ეპიზოდში ხიმენესის დრიბლინგს ვერ გაართვა თავი და „ემპოლის’’ წინააღმდეგობაც მანდ დამთავრდა.
Flashscore-მა საბა გოგლიჩიძეს 6.5 დაუწერა, whoscored-მა 6.3, ხოლო sofascore-მა 6.6.