„მანჩესტერ სიტის’’ კარში ოთხი და „ბრესტის’’ კარში ხუთი გოლის გატანის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მონაკოც’’ დაარბია – 4:1. ეს იყო ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი. ოსმან დემბელემ სეზონის მონაგარს კიდევ ორი (მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე) გოლი მიამატა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზელთა მაისურით პირველი გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი ჩანდა.
იყო თუ არა ეს სეზონის ყველაზე წარმატებული მატჩი?
არ მგონია. ბოლო ათი-თხუთმეტი წუთი არ მომეწონა. „მონაკოს’’ ბურთი ვერ წავართვით. სოლიდური მეტოქე გვყავდა. მეორე ტაიმში უფრო მწვავედ ვმოქმედებდით. გამარჯვებას ვიმსახურებდით.
ხვიჩა კვარაცხელიამ სამ სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. რა არის თქვენი იდეა?
ჩვენ მას ძალიან კარგად ვიცნობთ. მას გულშემატკივრებიც კარგად იცნობენ, მაგრამ ჯერ მაინც დაკვირვების ფაზაში ვართ. ისევე როგორც ბრედლი ბარკოლას, ვცდილობთ კვარაცხელიასაც თავისუფლება მივანიჭოთ. გვინდა მატჩიდან და კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე საუკეთესო პოზიცია შევურჩიოთ. იგივე დამოკიდებულება გვაქვს სხვა შემტევების – დემბელეს, ლის, დუესა და სხვების – მიმართ. ჩვენ მათგან უნივერსლურობას ვითხოვთ. კვარაცხელიას ყველგან შეუძლია თამაში. დღეს მან გოლი ნამდვილი 9 ნომერივით გაიტანა, პატარა სივრცეში, მარცხენა ფეხით. მომავალში ის გაცილებით მეტად დაგვეხმარება.
რატომ არ ითამაშა დღეს აშრაფ ჰაკიმმა?
მან ხუთშაბათს ვერ ივარჯიშა, სიცხე ჰქონდა. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ოდნავაც ვერ გავრისკავ. მითუფრო ახლა, როდესაც ლიგა 1-ის ცხრილს დიდი სხვაობით ვლიდერობთ.
ეთანხმებით ადი ჰუტერს („მონაკოს’’ მწვრთნელს), რომ ახლანდელი გუნდი პსჟ-ს საუკეთესო ვერსიაა?
ადი ჰუტერს ამაზე ჩემზე უკეთ შეუძლია ილაპარაკოს. მოხარული ვარ ასე რომ თქვა.
რა ხიფათი ემუქრება დღეს პს-ს?
ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი გადაგვხდა თავს. ყველანაირი ემოცია გავიარეთ. გულშემატკივარს კი ყველაფრის მიუხედავად ჩვენი სწამდა და ასეთ ვითარებაში დავღვინდით კიდეც. გავიზარდეთ. ჩვენ იმედს ვუმართლებთ ქომაგებს, რომლებიც მუდამ გვამხნევებენ, სიმღერას წამით არ წყვეტენ. პასუხად ყველა ბურთისთვის ვიბრძვით, ვცდილობთ აგრესიულად ვითამაშოთ, ყველა შეხვედრა მოვიგოთ.
პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივეთ. როგორია თქვენი პირველი რეაქცია?
მხოლოდ დადებითი. როდესაც პარიზში ჩამოვედი, კლუბმა ყველა პირობა შემიქმნა, ყველა მხარში დამიდგა. ეს კიდევ უფრო მეტი მუშაობისკენ მიბიძგებს. მინდა ისტორია შევქმნა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.
თუ კონტრაქტს ბოლომდე მიიყვანთ, გახდებით პირველი მწვრთნელი, რომელმაც კლუბში ყატარელთა მოსვლის მერე თანამდებობაზე ოთხი წელიწადი გაატარა. მოგწონთ ასეთი პერსპექტივა?
ვინ იცის რა მოხდება. როდესაც თავს კარგად გრძნობ და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხარ, რატომ უნდა დაუწესო საკუთარ თავს რაიმე ვადები? ჩემმა წინამორბედებმა „პარი სენ ჟერმენში’’ ფაქტობრივად ბოლომდე მიიყვანეს თავიანთი კონტრაქტები. მე აქ ჩამოსვლაამდე ამას დავაკვირდი.