იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ „ილ რომას’’, სადაც ალბათ ბევრი ნეაპოლელი ქომაგისთვის უსიამოვნო რამ თქვა: „ნაპოლი’’ კვარას მადლობას უნდა უხდიდეს.
„კლუბის ღალატის ნაცვლად მე ფეხბურთელის დიდსულოვნებაზე ვილაპარაკებდი. ნუ გაგიკვირდებათ. ნუ გააკეთებთ დასკვნებს როდესაც ფაქტები და განსაკუთრებით სპორტის მარეგულირებელი კანონები არ იცით. ამ ბიჭმა თავი ბოლომდე ჯენტლმენად წარმოაჩინა და დე ლაურენტისს დემარში არ მოუწო. მას შეეძლო ოთხი თვეც მოეცადა და მე-17 პუნქტის შესაბამისად „ნაპოლისთან’’ გაფორმებული კონტრაქტისგან თავი გაეთავისუფლებინა. ამ პუნქტის მოქმედების პრინციპი ვექილმა რაფაელ რეჯიტანომ ძალიან კარგად ახსნა. სწორედ ამიტომ, მე კვარაცხელიას შეურაცხყოფას არ მივაყენებდი. ის ამას არ იმსახურებს’’.
ვექილმა რეჯინატომ კი ზემოთ ხსენებული მე-17 პუნქტის იდეა განმარტა. „ნაპოლი’’ თურმე ხახამშრალად დარჩენის რისკის წინაშე იდგა. ადვოკატმა თქვა:
„მე-17 პუნქტი ყველა ფეხბურთელს ანიჭებს უფლებას ხელმოწერიდან ორ წელიწადში გაწყვიტოს კლუბთან კონტრაქტი თუკი ხელმოწერის მომენტში ის 28 წელზე უფროსი იყო. თუ ფეხბურთელი კონტრაქტზე ხელის მოწერის მომენტში 28 წელზე უცროსი იყო, მას კონტრაქტის გაწყვეტის უფლება სამი წლის შემდეგ აქვს. კვარას შემთხვევა ასეთია: კონტრაქტს ხელი რომ მოაწერა ბიჭი 21 წლის იყო, ასე რომ სეზონის ბოლოსკენ მას შეეძლო ხსენებული კანონის ამოქმედების მოთხოვნით სადაც ჯერ არს აპელაცია შეეტანა. პასუხად „ნაპოლის’’ ფეხბურთელის ხელფასისა და ხელშეკრულებით დარჩენილი წლების მიხედვით კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ექნებოდა’’.
ამგვარად, მივადექით მნიშვნელოვან მომენტს: საქმეში გაისმა სიტყვა ხელფასი. „ნაპოლი’’ კვარაცხელიას მის დონესთან შედარებით უსამართლოდ დაბალ ხელფასს უხდიდა. მართალია, კლუბი კვარას ხელშეკრულების განახლებას სთხოვდა, მაგრამ გვიან მოიქექა თავი. ეს გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა. მითუფრო, რომ პრეცედენტი იქვე იყო. მომავალი ტრანსფერის ეშხით, დე ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენს 10 მილიონი ევრო დაუნიშნა. როგორც იცით,შემდეგ არანაირი ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ დავუბრუნდეთ კვარას.
ფედელეს რწმენით, კლუბმა კვარას წინაშე შეცდომა დაუშვა, შეცდომების საფასურს კი გადახდა უნდა. ფეხბურთი ან ყველასთვის ბიზნესია ან არავისთვის არ არის. კლუბები ან კომპანიებია ან არა – არ არის საჭირო უცებ თავის მოკატუნება, სენტიმენტებზე თამაში და საკუბო ფერების სიყვარულსა და ერთგულებაზე ლაპარაკი. ჰოდა, თუ ფეხბურთი ბიზნესია, მაშინ შანტაჟზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს. „ნაპოლიმ’’ უნდა აღიაროს, რომ დიდ ფეხბურთელს იაფად ათამაშებდა, რის პასუხადაც ფეხბურთელი გაბრაზდა და ორნახევარი წლის შემდეგ წავიდა. საქმე სასამერთლომდე რომ მისულიყო, კლუბი ხახამშრალი დარჩებოდა, ასე კი 75 მილიონი მიიღო. შანტაჟისტები 75 მილიონს არ აშოვნინებენ მათ, ვისაც შანტაჟს უწყობენ.