შაბათს ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს გამართავენ, რომლის მოგების შემთხვევაში დაიბევებენ ნახევარფინალისტობასა და ამავდროულად მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება.
მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ რიჩარდ ქოქრილის რაზმმა უმაღლესი ევროდონის ახალბედა შვეიცარიას დებიუტი გაუფუჭეს – 16 უპასუხო ლელო გაუტანეს და ისტორიული ანგარიში დააფიქსირეს – 110:0.
ერთი კვირის წინ თავგამოჩენილ შემადგენლობაში ცვლილებებია – 8 თებერვალს შვეიცარიაზე მაღალი დონის ნიდერლანდების მორაგბეთა ნაკრებთან პირველხაზში ნიკა აბულაძეს გიორგი მამაიაშვილი ჩაანაცვლებს, მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, ბექა შვანგირაძესა და ილია სპანდერაშვილს ბექა გორგაძე, თორნიკე ჯალაღონია და გიორგი ცუცქირიძე შეცვლიან, მიშიკო ალანიას მაგივრად ვასკა ლობჟანიძე ითამაშებს, ხოლო 11 ნომრად თამაშს არა შალვა აფციაური დაიწყებს, არამედ ვეტერანი სანდრო თოდუა, რომელიც თავის 118-ე კეპს მოიხვეჭს და ამ მაჩვენებლით ბორჯღალოსანთა შორის მეორე საფეხურს მერაბ კვრიკაშვილს აღარ გაუნაწილებს. წინ მხოლოდ დავით კაჭარავაღა დარჩება.
ნიდერლანდებზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ ეს შვეიცარიაზე ბევრად კარგი გუნდია, რომელსაც ოდესღაც საქართველოს ნაკრები დამარცხებულიც კი ჰყავს. მართალია, ის ამბავი მკითხველმა კარგად იცის, თუმცა ისტორიას მარცხი მარცხად ეთვლება. ასეა თუ ისე, საქართველომ ნიდერლანდებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა უგებდეს, რაც, დიდი იმედი გვაქვს, შაბათს აუცილებლად მოხდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებთან მატჩში:
1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 7, 0), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 19, 25), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 14, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 14, 20), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 22, 5), 6. ბექა გორგაძე (პო, 47, 60), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპიტანი, 44, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 38, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 90, 83), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 26, 186), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 117, 95), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 9, 5), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 64, 45), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 47, 215), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 36, 82).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 1, 0), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი, 3, 0), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 11, 10), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 18, 10), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 40, 30), 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 56, 45), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო, 1, 5) 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 1, 0,).