საფრანგეთის თასზე „ლე მანთან’’ 2:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში „ბრესტთან’’ შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის ჩემპიონატს უბრუნდება: დღეს „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელები „მონაკოს’’ მასპინძლობენ. პსჟ-მ მიმდინარე სეზონში სამთავროს გუნდს უკვე ორჯერ მოუგო: სტუმრად ლიგა 1-ის შეხვედრაში და დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე. ამჯერად გუნდებს ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში უწევთ დაპირისპირება. გუშინ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ემრიკემ მატჩისწინა პრეს-კონფერენცია გამართა.
საბოლოოდ დაიბრუნა თუ არა ჯანლუიჯი დონარუმამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რომელსაც ნოემბერში მატვეი საფონოვი იკავებდა?
ჩემი ამოცანა მარტივია: ფეხბურთელებს შორის კონკურენცია უნდა შევქმნა. მინდა, რომ ყველა მათგანს ძირითადში თამაშის იმედი ჰქონდეს.
ერთთვიანი უქმობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ფიზიკურად თანაგუნდელების დონეზე არ არის. როდის იქნება მზად?
არ ვიცი. ერთი ფაქტია, რომ როდესაც ახალი ფეხბურთელი ჩამოდის, მას ბევრ რამესთან უწევს ადაპტაცია. ადაპტაციას დიდი დრო არ დასჭირდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ის ხანგრძლივი პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ. არსად გვეჩქარება, რადგან კარგი დინამიკა გვაქვს. არაფერზე ვღელავთ.
დღეს გუნდის ლიდერი ოსმან დემბელეა?
მე მას ჯერ კიდევ „ბარსელონადან’’ ვიცნობ. ოსმანი გულღია ბიჭია, ყველა თანაგუნდელთან ურთიერთობს. ახლა მისმა სტატისტიკამ იფეთქა, მას ამაღელვებელი პერიოდი აქვს. მთავარია შეზღუდვები არ დავუწესოთ. გვინდა, რომ ის მომავალშიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს, ლიდერობა გასწიოს, გადააწოდოს საგოლე პასები, გაიტანოს გოლები. მას შეუძლია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
თქვენ ჯოჯოხეთური გრაფიკი გაქვთ. როგორ ართმევთ თავს ასეთ გადატვირთვას?
ეს ტეტრისის თამაშს ჰგავს. რაღაცას გეგმავ, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ ორი ფეხბურთელი შეუძლოდ გახდა, ყველაფერი თავიდან გაქვს დასაწყები. ჩვენ ამ ამოცანის გადაჭრა ფეხბურთელების დროის განაწილებით გვინდა, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია. სწორედ გამიგეთ, არ ვჩივი. პირიქით, ეს არის არსებული შესაძლებლობების გამოყენების შანსი. კონკურენცია ფორმაში გამყოფებს. ის სტიმულია. მატჩამდე და მატჩის შემდეგ ვარჯიშები დამატებით დატვირთვას არ წარმოადგენს. ჩვენ ზედმეტ დატვირთვებს გავურბივართ და შეცდომებს ვიდეოთი ვასწორებთ.
„მარსელთან’’ თქვენი უპირატესობის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, ლიგა 1-ისა და სხვა შეჯიბრებების მენეჯმენტს შორის არის თუ არა განსხვავება?
ყველა სიტუაცია განსხვავებულია. ჩვენ ლიგა 1-ში გვარიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ საფრანგეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაში ასეთი უპირატესობა არ არსებობს. უბრალოდ ვიცით, რომ თასზე მეოთხედფინალი გველის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ორ მატჩს ვითამაშებთ. ამ მოცემულობამ შესაძლოა მოედანზე მყოფ 11 ფეხბურთელზე გავლენა მოახდინოს.
ლიგა 1-ში დაუმარცხებლად მიდიხართ. ეს თქვენი მიზანია?
ასეთი რამ არასდროს მითქვამს. დაუმარცხებლად დარჩენა არ მაინტერესებს. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ტიტულის მოპოვებაა. კლუბი კიდევ უფრო დიდი უნდა გავხადოთ და გულშემატკივარი გავაბედნიეროთ.
შეიძლება იმის თქმა, რომ კილიან მბაპეს შემდგომ ეპოქაში თავდასხმასთან დაკავშირებული გათვლები სწორი აღმოჩნდა?
შარშან საკმაოდ თამამად გამომივიდა, როდესაც განვაცხადე, რომ ახალ სეზონში გუნდი უწინდელზე უკეთესი იქნებოდა, თუმცა ვფიქრობ შეტევასა და დაცვაში დღეს ნამდვილად უკეთესები ვართ. ამაზე სტატისტიკა მეტყველებს. ფეხბურთელებმა ბმაპეს შეცვლის გამოწვევა მიიღეს. კილიანს სიამოვნებით შევინარჩუნებდით, კიკი ყველას უყვარს, მაგრამ მის წასვლაზე გუნდმა პოზიტიური რეაგირება მოახდინა. ჩვენ კვლავ ლამაზად ვთამაშობთ. ვამბობდი, რომ დაგვჭირდებოდა ოტხი ფეხბურთელი, რომლებიც თორმეტ-თორმეტ გოლს გაიტანდნენ. ერთმა (დემბელე 14) ამ ნიშნულს უკვე გადააჭარბა. ახლა დანარჩენებს მოვუწოდებთ მას მიბაძონ და თავიანთი შედეგი გამოასწორონ.
„მონაკოს’’ მწვრთნელმა თქვა, რომ თქვენი გუნდი დეკემბერთან შედარებით ახლა უფრო ძლიერია. ეთანხმებით?
არა, დღევანდელი მდგომარეობა მთელი სეზონის შედეგია. ჩვენ გვაქვს კარგი და ცუდი პერიოდები. ახლა პოზიტიური დინამიკის ფაზაში ვართ. ჩემპიონთა ლიგაში რთული სიტუაციიდან გამოვძვერით. ვცდილობთ ამჟამინდელი პერიოდი ბოლომდე შევინარჩუნოთ, მაგრამ წინ ბევრი თამაში და თვე გველის.