საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები 2024 წელს მიენიჭათ:
მიხეილ კაკაბაძის პრემია – კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.
ნოდარ გუგუშვილის პრემია – არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
კოტე მახარაძის პრემია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს გიორგი თვალაბეიშვილს.
ეროსი მანჯგალაძის პრემია – ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის წამყვანს გიორგი დარჯანიას.
ზაალ გიგინეიშვილის პრემია – მიხეილ დუმბაძესა და სპორტული პორტალის europop-ის გუნდს.
გურამ თიკანაძის პრემია – ხატია ჯიჯეიშვილს, ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული მუშაობისთვის.
ლაურეატების დაჯილდოება შედგება 2025 წლის 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა 2024 წლის საუკეთესო ფედერაციად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სცნო, ყველაზე პროგრესირებად ფედერაციად კი ხელბურთის ფედერაცია მიიჩნია.
სასიხარულოა, რომ სსჟა-ის წლის რჩეულ ჟურნალისტთა შორი ორი სარბიელელია – კობა ინასარიძე და გიორგი დარჯანია. გილოცავთ! ვულოცავთ, ძვირფასს კოლეგებს!
გიგა გვენცაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ვფიქრობ, რომ ღირსეული ლაურეატები გვყავს. სასიამოვნოა, რომ პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილება ჩვენი ასოციაციის აღმასკომის წევრების მიერ ერთსულოვნად იქნა მიღებული. ჩვენი კოლეგების დაჯილდოება 2 ივლის, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღეს მოხდება, როდესაც საინტერესო ღონისძიებებს ვგეგმავთ, ვფიქრობ ჩვენი სპორტული საზოგადოების დახმარებით, ჩანაფიქრის რეალიზაციას შევძლებთ.
კობა ინასარიძე ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია ამ დიდებული კაცის სახელობის პრემია. დიდი მადლობა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პირადად პრეზიდენტს, ბატონ გიგა გვენცაძეს. მადლობა ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მიხეილ კაკაბაძის პრემიის ღირსად ჩამთვალეს.