ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენმა’’ სტუმრად მოუგო „შტუტგარტს’’ 4:1, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვდა. კვარაცხელიას, დებულების თანახმად, ფლეი-ოფის ეტაპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას დართავენ, ამიტომაც ქართველი ქომაგისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდება პსჟ. ამ კითხვაზე პასუხს პარასკევის წილისყრა გაგვცემს, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, გაფართოებულ-გადაკეთებული ჩემპიონთა ლიგის წესებიდან გამომდინარე ლუის ენრიკეს გუნდმა ამდენი იმიტომ იწვალა, რომ… მერვედფინალში გასასვლელად ისევ საფრანგეთის გუნდს, „მონაკოს’’ ან „ბრესტს’’ შეხვედროდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, წილისყრამ, რომელიც პარასკევს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება უნდა გაარკვიოს თავისივე ქვეყნის რომელ გუნდს შეხვდება პსჟ ფლეი-ოფში. და ვინაიდან ლიგა 1-ის კალენდრის თანახმად კვარა და მისი ახალი თანაგუნდელები 1 თებერვალს „ბრესტს’’, ხოლო 7 თებერვალს „მონაკოს’’ უნდა ეთამაშონ, გამოდის, რომ ზამთრის მეორე თვეში მათი კალენდარი ცოტა ერთფეროვანი იქნება: „ბრესტთან’’ ან „მონაკოსთან’’ სამჯერ მოუწევთ თამაში. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრები 11-12 თებერვალს არის ჩანიშნული, ხოლო საპასუხო მატჩები 18-19 თებერვალს გაიმართება.
პარიზელებმა „მონაკო’’ წლეულს უკვე ორჯერ დაამარცხეს, დეკემბერში ჩემპიონატის შეხვედრაში (4:2) და იანვრის დასაწყისში დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე (1:0). რაც შეეხება „ბრესტს’’, ის „პარკ დე პრენსს’’ ჩემპიონატის კალენდრის შესაბამისად სექტემბერში ეწვია და 1:3 წააგო.
„ვინც გინდა შეგვხვდეს, ფლეი-ოფში დიდი ბრძოლა გვექნება, ― თქვა Canal +-თან ინტერვიუში შტუტგარტში ჰეთ-თრიქის ავტორმა ოსმან დემბელემ, ― თუმცა ჩვენ ამ ბრძოლებისთვის მშვიდად მოვემზადებით. მათთან ჯერ ჩემპიონატის შეხვედრები გველის’’.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი და წილისყრის წეს-კანონიდან კი ახლავე ჩენს, რომ თუ პსჟ „ბრესტს’’ ან „მონაკოს’’ დაამარცხებს, მერვედფინალში „ლივერპულს’’ ან „ბარსელონას’’ შეხვდება, ისინი კი ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გავიდნენ.