Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain in action during the Ligue 1 McDonald's match between Paris Saint-Germain FC and Stade de Reims at Parc...ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს’’ უმასპინძლეს: 1:1. ანგარიში 47-ე წუთზე ქართველის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ოსმან დემბელემ (რიკოშეტის წახმარებით) გაიტანა. 9 წუთში კვარას მორიგი შეტევა იმით დასრულდა, რომ სტუმრების მეკარე იევან დიუფმა დარტყმული დაიჭირა და შეამჩნია, რომ მარცხენა ფრთაზე პსჟ-ს ფეხბურთელთაგან საერთოდ არავინ იყო. მან ბურთი თანაგუნდელ კეიტო ნაკამურას გადაუგდო, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა ჩაატარა, საჯარიმოში მარშალ მუნეცისთან მინი-კომბინაცია გაათამაშა და გაქვითა.

მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა: „ძალინ ძნელი თამაში გვქონდა გუნდთან, რომელიც სულ პრობლემებს გვიქმნის. გამარჯვებისთვის მეტი საგოლე მომენტი გვჭირდებოდა. კვარაცხელიას მისი რამდენიმე თანაგუნდელის მსგავსად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. კმაყოფილი ვარ. მთავარია, რომ მან ჩვენი გუნდის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა’’.

თავად კვარაცხელიამ DAZN-ის მიკროფონებთან მატჩი ასე შეაფასა: „რთული თამაში იყო, „რეიმსი’’ კარგი გუნდია. ბევრი მომენტი გვქონდა, მოგება შეგვეძლო. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგები მოვა’’.

პორტალმა maxifoot ფეხბურთელების თამაში როგორც ქულებით ასევე სიტყვიერად შეაფასა. ხვიჩას მან 6 ქულა დაუწერა და ასეთი აღწერა მოაყოლა: „ქართველის დიდ დებიუტს ჟრუანტელით ელოდნენ. ამ ზამთარში ბონუსების ჩათვლით 80 მილიონ ევროდ ნაყიდი გარემარბი „რეიმსთან’’ საინტერესო იყო თავისი აჩქარებებით, მაგრამ პირველ ტაიმში მეტოქის დაცვა კარგად დაუდგა. შესვენების შემდეგ მან ბრწყინვალედ იმუშავა, როდესაც დემბელეს საგოლე პასი მიაწოდა. მოწადინებისთვის ქების სიტყვები ეკუთვნის’’.

რაკი სიტყვა შეფასებებზე ჩამოვარდა, დავძინოთ, რომ flashscore-მა კვარას 7.3, sofascore-მა 6.9, ხოლო whoscored-მა 7.0 ქულა დაუწერა.

ამ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენმა’’ დაასრულა ცხრამატჩიანი სვლა, რომელიც ყველა შეჯიბრებაში მხოლოდ მოგებებისგან შედგებოდა.

შემდეგი შეხვედრა „პარი სენ ჟერმენს’’ 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე შტუტგარტში აქვს და ფლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც აძლევს ხელს. ეს მატჩი კვარაცხელიას გარეშე ჩაივლის, რადგან პარიზულ კლუბს შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე ახალი ფეხბურთელის განაცხადში შეყვანის უფლება არ ჰქონდა.

ლიგა 1-ის მომდევნო მატჩი კი პსჟ-ს შაბათს, 1 თებერვალს ბრესტში, საქართველოს დროით 20 საათზე აქვს.