Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain runs with the ball during the Ligue 1 match between Paris Saint-Germain FC and Stade de Reims at Parc...ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის დედაქალაქის კლუბში დებიუტით კმაყოფილი დარჩა. „რეიმსთან’’ მატჩის (1:1) შემდეგ, მიქს-ზონაში მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება პსჟ-ს მაისურით ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ?

ბედნიერი ვარ განსაკუთრებულ გულშემატკივრებთან, განსაკუთრებულ გუნდთან, განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან რომ ვიმყოფები.

მოედანზე როგორ გრძნობდით თავს?

კარგად. ძნელი თამაში იყო, მაგრამ ვფიქრობ მომენტები გვქონდა და გოლი უნდა გაგვეტანა. ბევრი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან. ფრე ასე აიხსნება.

ჩვენი აზრით თქვენი თამაში პირველ და მეორე ტაიმში ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. გვეთანხმებით?

არ ვიცი. ვნახავ თამაშის ჩანაწერს და გავაანალიზებ.

ეს იყო თქვენი პირველი თამაში პსჟ-ს შემადგენლობაში. როგორ აღწერდით მას?

ბედნიერი ვარ. მეამაყება, რომ ასეთ დროს საგოლე გადაცემა შევასრულე. იმავდროულად ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ, რადგან ჩემი დებიუტის დღეს მოგება შეგვეძლო. ვფიქრობ, ბევრი მუშაობა გვჭირდება.

თქვენს ფიზიკურ კონდიციას როგორ შეაფასებდით?

ყველაფერი კარგად არის. ბოლოს ერთი თვის წინ ვითამაშე და ალბათ ცოტა ამიტომ გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელები და მთელი სტაფი მეტად დამტვირთავენ. საიმისოდ, რომ ფორმაში ვიყო, მუშაობას ვაპირებ.

როგორ ჩაიარა თქვენმა პირველმა კვირამ „პარი სენ ჟერმენში’’?

ძალიან კარგად. ყველა კარგად მეპყრობა: კლუბიც, ფეხბურთელებიც. პსჟ-ში ყველა პირობაა მხოლოდ ვარჯიშსა და მატჩებზე რომ იფიქრო. მიხარია აქ რომ ვარ. ხალხი მეგებება და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გასვლისადმი ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

რასაკვირველია. „სიტისთან’’ ძალიან კარგი გუნდი ვნახეთ. ჯადოსნური იყო. პსჟ გამარჯვებას იმსახურებდა. ოთხშაბათს „შტუტგარტთან’’ ძნელი შეხვედრა იქნება. ჩემპიონთა ლიგაში იოლი მატჩები არ არსებობს, ამიტომაც ვემზადებით. თუ ნებას დამრთავენ შტუტგარტში საგულშემატკივროდ აუცილებლად გავემგზავრები.

თქვენი აზრით, რომელია თქვენთვის ყველაზე მოხერხებული პოზიცია?

ვფიქრობ, შეტევაში ყველგან შემიძლია თამაში. გარდა ამისა ჩვენი გუნდი როტაციას მიმართავს, რაც პოზიციების ცვლის შესაძლებლობას იძლევა. ეს ძალიან კარგია, რადგან როდესაც კართან ახლოს ხარ თავისუფლება გეძლევა. საერთოდ კი გუნდს თავისი ტაქტიკა აქვს და ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს ის, რასაც მწვრთნელი ეუბნება.