მატეო პოლიტანოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ტელეკომპანია 11 Televomero-ს ეთერში, გადაცემა Il Bello del Calcio-ში თავისი კლიენტი ასე შეაქო:
„ცხოვრებაში არიან ისეთები, რომლებიც გუნდიდან კვარასავით მიდიან და არიან ისეთები, რომლებიც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, შარშან იანვარში პოლიტანომ რომ მიიღო. პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ათი დღით არაბეთში გამგზავრება და იქაურ კლუბთან „ალ შაბაბთან’’ დალაპარაკება მთხოვა. ეს კლუბი პოლიტანოს წელიწადში 7 მილიონ ევროს სთავაზობდა. შემდეგ მე და დე ლაურენტისი „ალ შაბაბის’’ შეიხებთან მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხედით, მაგრამ „ნაპოლიში” შექმნილი რთული ვითარების გამო პრეზიდენტს ერჩივნა პოლიტანო არ გაეყიდა. შემდეგ მოხდა ასეთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლიში’’ ამის ნახევარს უხდიდნენ ფეხბურთელმა დარჩენა გადაწყვიტა, მაგრამ ეს საქციელი ყველასთვის არ არის. მან ეს ქალაქისა და „ნაპოლის’’ სიყვარულით გააკეთა და ამიტომაც აფასებენ მას როგორც გულშემატკივრები ასევე ფეხბურთელები. პოლიტანომ ეს შარშან გააკეთა, რის გამოც დღეს შედეგს და პროფესიულ სიამოვნებას იმკის’’.
აგენტის ნაუბარზე გვახსენდება, თუ რა ხმაური მოჰყვა 2024 წელს ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლის მამუკა ჯუღელის ვარაუდს, რომ ვიქტორ ოსიმენი საუდის არაბეთში გადავიდოდა. ჯუღელს ურჩევდნენ მხოლოდ თავის კლიენტზე ელაპარაკა და სხვებისთვის თავი დაენებებინა.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ პოლიტანოსგან განსხვავებით კვარაცხელიას ხელფასი 7 მილიონის ნახევარი კი არა, ნახევრის ნახევარიც არ იყო.