გასული სარაგბო უქმეების მიმოხილვა ტურისა და ალბათ დაწყებული წლის ყველაზე მაგარი ლელოს აღწერით უნდა დავიწყოთ.
ფრანგული „ლიონი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სამხრეთაფრიკულ „ჩიტასს“ მასპინძლობდა და ამ მატჩის მე-9 წუთზე, როცა სტუმართა უკანახაზელმა ლიონური შეტევის უკუსაგდებად თითქოს მშვენიერი დარტყმით ბურთი საკუთარი 22-დან მეტოქისაში გაუშვა. აფრიკელებმა ამასობაში წინ წაწევა დაიწყეს, ბურთი დავით ნინიაშვილმა დაიჭირა, ცარიელ სივრცეში სპრინტერის სიჩქარე აკრიფა, ცრუმოძრაობებით მთელი „ჩიტასი“ აქეთ-იქით მიმოფანტა, მეტოქის 22-ში შესულმა ორი მცველიც დიდოსტატურად დაიბრიყვა და ლელოში შევარდა. ეს ლამის 100-მეტრიანი გარღვევა იმდენად სწრაფი იყო, რომ პუბლიკის რეაქციამაც ერთობ დააგვიანა – საკუთარ თვალებს ძლივს უჯერებდნენ. „ნინიმ“ ნამდვილი სარაგბო შედევრი შექმნა!
ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „ლიონი“ ამ მატჩზე მეორე ბორჯღალოსანმა გაიყვანა – ბექა საღინაძემ კარიერაში პირველად უკაპიტნა თავის ფრანგულ კლუბს და ესეც მისალოცი ამბავია!
„ლიონმა“, ცხადია, მოიგო (68:21), ხოლო ნინიაშვილმა ჩელენჯ თასზე ჩატარებულ მე-9 მატჩში მე-4 ლელო მიითვალა.
უქმეების მეორე ქართული ლელო კი საფრანგეთში გავიდა, სადაც პრო დ2-ის მე-17 არასრული ტური შედაგ. არასრული იმიტომ, რომ ორიაკში უამინდობამ თამაში შეუძლებლად აქცია. საწყენია, რადგანაც „ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 6 ქართველი უნდა ყოფილიყო.
ლელო კი ბორჯღალოსანმა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ გაიტანა, თუმცა მისი „გრენობლი“ „პროვანსთან“ სტუმრად 18:24 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, „ალპელები“ გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ. „კვესოსთვის“ კი ეს პირველი ლელო იყო მის ფრანგულ კარიერაში.
მთავარი სარაგბო ევროთასის, ანუ ჩემპიონთა თასის მერვედფინალში 6 ფრანგული კლუბი გავიდა, 5 ინგლისური, 3 ირლანდიური და თითო – იტალიური და შოტლანდიურიც.
I პულში ორი გამანადგურებელი შედეგი დაფიქსირდა. არანორმალურად მაგარ ფორმაში მყოფმა „ბორდომ“ 66:12 მოუგო აფრიკულ „შარქსს“, შემდეგ კი ჩემპიონთა თასის მოქმედმა მფლობელმა გაილაღა – „ტულუზმა“ ავტორიტეტული ინგლისური „ლესტერი“ 80:12 დაამცირა.
II პულში „ლა როშელმა“ ნიკა სუთიძე განაცხადში კვლავ შეიყვანა, მაგრამ ისევ არ ათამაშა. ატლანტიკისპირელებმა ტრევიზოში „ბენეტონთან“ 25:32 წააგეს და ბონუსს დასჯერდნენ, „ბენეტონი“ კი ისტორიაში შევიდა როგორც ჩემპიონთა თასის პლეი-ოფში გასული პირველი იტალიური გუნდი.
III პულშიც იყო ფრანგული გუნდის მარქაფაში ქართველი კვაჭი – ლუკა პეტრიაშვილი წყალწაღებულ „სტად ფრანსეს“ 64-ე წუთზე შეუერთდა, პარიზელები კი აფრიკულ „ბულზთან“ 7:48 განადგურდნენ
IV პულში ორმა ჩვენებურმა ითამაშა – გურამ გოგიჩაშვილი თავის „რასინგ-92“-ს აფრიკული „სთორმერზის“ 31:22 ძლევასა და ჩელენჯ თასზე გადართვაში დაეხმარა. დავით მჭედლიძე კი „ტულონში“ გამოჩნდა. ეს იყო 20 წლის ბურჯის დებიუტი ჩემპიონთა თასზე, თორემ ჩელენჯ თასი მას ჯერ კიდევ 18 წლისას ჰქონდა დაჭაშნიკებული. „ტულონმა“ ლონდონში „სეილთან“ კი წააგო, თუმცა პულის პირველობა შეინარჩუნა.
რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ჩელენჯ თასზე ოდნავ მეტმა ქართველმა ითამაშა „შავი ლომის“ მხედველობაში მიღების გარეშეც კი. საღინაძისა და ნინიაშვილის ამბავი მოგახსენეთ და ამავე პულში „პერპინიანმა“ იტალიაში „ძებრეს“ მოუგო და მერვედფინალში გავიდა, რაშიც გელა აფრასიძის სოლიდური წვლილიცაა.
„მონპელიემ სტუმრად „ნიუკასლი“ ბონუსით დაამარცხა და II პული მაქსიმალური 20 ქულით მოიგო. ნიკა აბულაძემ ბოლო 23 წუთი ითამაშა.
ამავე ექვსეულიდან პლეი-ოფში „პოც“ გავიდა, რომლის სასტარტოში გურამ პაპიძე იყო. რაც შეეხება II პულს, იქაური ამბები „შავი ლომის“ მატჩის მიმოხილვაშია.