ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ ბერგამოში კონკურენტ „ატალანტას’’ 3:2 მოუგო და 7 ქულით ჩამოიტოვა. „ნაპოლი’’ სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა, თუმცა დღეს საღამომდე მდევარ „ინტერზე’’ ორი თამაშით მეტი ექნება ჩატარებული ― საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე „ინტერი’’ „ემპოლის’’ მასპინძლობს. მილანელები „აძურის’’ 6 ქულით ჩამორჩებიან. საინტერესოა ნეაპოლური მედიის გამოხმაურება „აძურის’’ გამარჯვებაზე. მაგალითად areanapoli წერს, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა ამ გამარჯვებით ორი მესიჯი გაგზავნა: ოპონენტებთან და ხვიჩა კვარაცხელიასთან.
ანგარიში მე-16 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა მატეო რეტეგიმ გახსნა. 27-ე წუთზე მატეო პოლიტანომ რეტეგის გოლი გაქვითა. მე-40 წუთზე სკოტ მაკტომინეიმა სტუმრები დააწინაურა. 55-ეზე ადემოლა ლუკმენმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 78-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ „ნაპოლის’’ გამარჯვების გოლი შეაგდო.
Areanapoli წერს, რომ გუნდმა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლას საუკეთესო პასუხი გასცა. კონტემ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ქართველი გარემარბის წასვლამ შესაძლოა მცირე უკანდახევა გამოიწვიოს, მაგრამ ფეხბურთელებმა მენტალური სიმტკიცე და სულის სიძლიერე გამოამჟღავნეს. პორტალს უხარია, რომ მათ აჩვენეს ის „სტრატოსფერული ხასიათი’’, რომელიც კვარაცხელიას აკლდა.
გამარჯვების გოლის ავტორმა ბელგიელმა ლუკაკუმ მატჩის დამთავრების შემდეგ თქვა: „ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელიც „ნაპოლის” მაისურით გამიტანია, რადგან ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა. ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და საამისოდ ბევრს ვმუშაობთ. ბოლო სამ შეხვედრაში მართლაც კარგად ვითამაშე, მაგრამ წინ ნაბიჯი მთელმა გუნდმა გადადგა. ჩვენ ნაყოფიერად ვვარჯიშობთ, მაგრამ ვიმეორებ, წინ ბევრი შეხვედრა გველის და კიდევ უფრო მეტი გვმართებს. სეზონის დასრულებამდე ჯერ ოთხი თვეა’’.
ლუკაკუსაც კვარას შესახებაც ჰკითხეს.
„კვარა „ნაპოლისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ ჩვენს თავზე ვართ კონცენტრირებული’’, – უპასუხა ბელგიელმა.