„შავმა ლომმა“ თავისი მეორე ევროეპოპეა მარცხით, თუმცა ღირსეული თამაშით დაასრულა. სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა „ედინბურგმა“ პირველ ტაიმში ყველა თავისი შანსი გამოიყენა, 3 ლელო-გარდასახვა გაიტანა, რასაც ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო, სტუმარ ქართველებს კი კინკილა ჯარიმა გაატანინა – 24:3. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე ტაიმისგან სიკეთეს აღარ ველოდით, მაგრამ როცა შოტლანდიელებმა ორი ლელო და ერთი გარდასახვა კიდევ მიითვალეს და ანგარიშს (36:3) გამანადგურებელი ხასიათი შესძინეს, რიჩარდ კოკერილის გუნდმა მოულოდნელად ხელდახელ შეუტია.
გასაკვირი კი იყო, მაგრამ გაჩეჩილაძის ნაადრევი მძიმე ტრავმითა და ტვინის შერყევის პროტოკოლით რამდენჯერმე შემადგენლობაარეულმა ქართველებმა ძალიან მწყობრად შეუტიეს, ერთხელ მოლიდან გამოვარდნილმა ირაკლი ქვათაძემ დააშამათა მასპინძლები, მეორედ კი შალვა აფციაურმა ფლანგზე დაასრულა თანაგუნდელთა სწრაფი იერიში. ლუკა მატკავამ პირველი ლელო გარდასახა, მეორე – ვერა, ჰოდა საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა – 36:15.
უნდა ითქვას, რომ თამაში „ჰაივ სთედიუმზე“, იგივე „ედინბურგ რაგბი სთედიუმზე“ გაიმართა, რომელიც ლეგენდარული „მარიფილდის“ გვედიგვერდაა აშენებული. ჰოდა, ამ სტადიონზე „ედინბურგის“ ღირსებას მსოფლიო რაგბის ნამდვილი ვარსკვლავები იცავდნენ – პიერ სხუმანი, დარსი გრემი, ჰემიშ უოთსონი, ლუკ ქროსბი, ალი პრაისი! ესენი აღიარებული დიდოსტატები არიან და შოტლანდიის ნაკრების ლიდერებადაც მიიჩნევიან, თუმცა არც დანარჩენი ხალხი ჰყავდათ ჩვეულებრივი – პრაქტიკულად ყველა ნაკრების წევრი თუ არა, კანდიდატი მაინცაა. მოკლედ, ეს იყო აშკარად ყველაზე მაგარი გუნდი მათ შორის, ვისაც ჩვენი ფრენჩაიზი ოდესმე შეხვედრია. შარშანდელ „კლერმონზე“ მაგარიც კი.
ამდენად, 15:36 საპატიო ანგარიშია, მერე რა, რომ „ედინბურგს“ მერვედფინალში გასვლის ამოცანა უკვე შესრულებული ჰქონდა, ხოლო „შავ ლომს“ იგივეს გასაკეთებლად შოტლანდიელთა ბონუსით დამარცხება მართებდა?! ყველას მშვენივრად ესმოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომაც მეორე ტაიმში „შავმა ლომმა“ ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ათამაშდა. მადლობა მათ ამ მშვენიერი სანახაობისთვის.
პარალელურად მიმდინარე მატჩში „ბაიონმა“ „გლოსტერი“ 55:17 დაამარცხა და „შავ ლომს“ შოტლანდიაში ბონუსით და მინიმუმ 7-ქულიანი სხვაობით რომ ემარჯვა, პლეი-ოფშიც გავიდოდა. ისე კი, „ედინბურგმა“ 15 ქულა დააგროვა, „ბაიონმა“ – 14, „სკარლეთსმა“ – 11, ხოლო „გლოსტერმა“ – 9. სწორედ ეს ოთხეული განაგრძობს ჩელენჯ თასისთვის ბრძოლას, „ვანმა“ ევროდებიუტი“ 8 ქულით III პულის მე-5 საფეხურზე დაამთავრა და თავის მძლეველ, 4-ქულიან „შავ ლომთან“ ერთად მერვედფინალს მიღმა დარჩა.
„შავი ლომის“ სანაკრებო ნაწილსა და დამრიგებელს ორკვირიანი პაუზა ელით, რის შემდეგაც „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა.