„შავი ლომი“ კვირას თავის მეორე ჩელენჯ თასს დაასრულებს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მერვედფინალში მოხვედრის შანსი გასულ უქმეებზე, ფრანგულ „ბაიონთან“ თბილისური მარცხის (16:41) შემდეგ დაკარგა, ამდენად კვირას, ლეგენდარული ედინბურგული „მარიფილდის“ კომპლექსში შემავალ „ჰაივ სთედიუმზე“, იგივე „ედინბურგ რაგბი სთედიუმზე“ რიჩარდ კოკერილის რაზმი კარის გაჯახუნებას ეცდება, მით უფრო, რომ ჯგუფის ლიდერმა „ედინბურგმა“ ჩვენთვის ნატვრად ქცეული ამოცანა გასულ ტურში შეასრულა.
„ედინბურგი“ ძალიან მაგარი შოტლანდიური ფრენჩაიზია, რომლის ღირსებასაც „ნარშავების“ ალბათ ნახევარი იცავს. სქოთთა ეროვნული გუნდი კი, მოგეხსენებათ, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კვირას ედინბურგში შოტლანდიის ნაკრების ნახევარი საქართველოს ნაკრების ნახევარს უმასპინძლებს, რადგანაც ბორჯღალოსანთა საბაზო გუნდად სწორედ „შავი ლომი“ მოიაზრება.
ერთი კვირის წინ „შავმა ლომმა“ „მიხეილ მესხზე“ იმდენი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რომ მთელი მომდევნო კვირა სწორედ ამ შეცდომების გამოსწორებას დაეთმო. უფრო სწორად, როგორც გუნდის ინგლისელმა დამრიგებელმა თქვა, ამ შეცდომების არდაშვებაზე მუშაობა შესაბამისი მოქმედებების ავტომატიზმამდე დაყვანა იყო. მართლაც საცოდაობა იყო, როცა დიდი ძალისხმევის შედეგად ქართველები ბაიონელთა ლელოს უახლოვდებოდნენ და უაზრო შეცდომის გამო მთელი ეს მონდომება წყალში ეყრებოდათ, გახსენებაც კი უსიამოვნოა…
ასეა თუ ისე, ედინბურგული თამაში უსერიოზულესი გამოცდაა ქართული რაგბისთვის. სხვათა შორის, ეს ფრენჩაიზი რიჩარდ კოკე რილისთვის ძალიან ახლობელია – „ედინბურგს“ 2017-2021 წლებში სწორედ ეს ინგლისელი სპეციალისტი წვრთნიდა და არცთუ წარუმატებლად. მარტივად რომ ვთქვათ, იქაური გარემო და სამზარეულოც კოკერილისთვის კარგადაა ნაცნობი.
თამაშის დასაწყისი 17 საათზეა.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ედინბურგთან“ მატჩში:
- ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპიტანი), 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა (კაპიტანი), 11. შალვა აფციაური, 12. იოანე მეტრეველი, 13. თორნიკე კახოიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. დემურ ეფრემიძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. ამირან შვანგირაძე, 23. ალექსანდრე თოდუა.