გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16.

ჩემპიონთა თასი

პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი – „ბორდო“ და „ტულუზი“, ასევე ინგლისური „ლესტერი“ უკვე მერვედფინალში არიან, სამხრეთაფრიკულ „შარქსს“ იგივეს გასაკეთებლად სჭირდება, რომ ბოლო ტურში ბორდოში განსაკუთრებულად დიდი ანგარიშით არ წააგოს და ამავდროულად ირლანდიურმა „ალსტერმა“ ინგლისურ „ექსეტერს“ ასევე ზომიერი ანგარიშით მოუგოს. ამ პულში ქართველები არ თამაშობენ.

პულ 2-ში ორ ჩვენებურს უნდა ეთამაშა, მაგრამ ახალგაზრდა კვაჭი ნიკა სუთიძე „ლა როშელის“ მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა, მისმა გუნდმა კი შინ ირლანდიურ გრანდ „ლენსტერთან“ უმძიმესი ბრძოლა 14:16 წააგო. „ლენსტერი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენებს მთავარი ბრძოლები ბოლო ტურში ელით, მათ შორის ფრანგულ „კლერმონსაც“, რომლის სასტარტოშიც ბორჯღალოსანი გიორგი ახალაძე იყო, ვინც ინგლისურ „ბათთან“ გასვლითი მატჩის 23-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და „ვულკანები“ მარცხისთვის აქ გაიწირნენ – 21:40, თან ინგლისელებმა ბონუსიც მიიღეს. პულის მესამე მატჩში ინგლისურმა „ბრისტოლმა იტალიურ „ბენეტონს“ 35:29 კი მოუგო და ბონუსიც მიიღო, თუმცა აპენინელებს 2 ბონუს-ქულა ააღებინა – 4 ლელოსთვის და 7-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის..

პულ 3-ში არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია. ამ ექვსეულიდან პლეი-ოფში გასვლა ინგლისურმა „ნორთჰემპტონმა“ გაინაღდა, რომელმაც პარიზში „სტად ფრანსესთან“ 35:45 კი წააგო, მაგრამ ბევრი ლელოსთვის ბონუსი მიიღო. მიზანთან ახლოს არიან ასევე ინგლისური „სარასენსი“ და ირლანდიური „მანსტერი“, რომელთა ირლანდიური დაპირისპირება მასპინძლებმა 17:12 მოიგეს. მეოთხეა „კასტრი“, რომელმაც შინ აფრიკულ „ბულზს“ მუსრი გაავლო – 49:10. ფრანგულ გუნდში პირველიდან 48-ე წუთამდე ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.

პულ 4-ში ასევე არ უთამაშიათ ჩვენს ბიჭებს. „ტულონმა“ „ჰარლიქუინზს“ ბონუსით – 33:21 აჯობა, „გლაზგო უორიორზმა“ „რასინგ-92“-ს29:19 მოუგო და სწორედ ამ გამარჯვებულებმა ნაადრევად გაინაღდეს მერვედფინალისტობა. სამხრეთაფრიკულმა „სთორმერზმა“ კი ინგლისურ „სეილს“ 40:0 მოუღო ბოლო, თუმცა ჯგუფის დანარჩენ მონაწილეთა საკითხი ჯერაც ღიაა.

ჩელენჯ თასი

აქ სამი პულია და იმ ექვსეულის შესახებ, რომელშიც ჩვენი „შავი ლომია“ უკვე გიამბეთ.

პირველ პულში ორმა ბორჯღალოსანმა ითამაშა. ირაკლი აფციაურმა „ლიონის“ სასტარტოში 53 წუთი დაჰყო, მისმა გუნდმა კი ირლანდიაში „კონახტთან 34:52 წააგო. გელა აფრასიძეც სასტარტოში იყო და მისმა „პერპინიანმა“ „კარდიფს“ 23:20 სძლია. აქვე „ჩიტასმა“ „ძებრეს“ 22:18 მოუგო. ამ ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ „კონახტმა“ დაიბევა.

კიდევ ერთ ჯგუფში „ოსპრეიზმა“ „ნიუკასლს“ 35:15 მოუგო, „დრაგონსი“ „პოსთან“ 15:24 დამარცხდა, ხოლო „მონპელიემ“ „ლაიონსს“ 28:5 სძლია და მერვედფინალში გავიდა, რაშიც წვლილი ბორჯღალოსნებსაც მიუძღვის – ლუკა ჯაფარიძემ სტარტიდან 58-რ წუთამდე ითამაშა, ხოლო ვანო კარკაძემ – 47-ედან ბოლომდე.

პრო დ2

„ორიაკი“ ვასილ ლობჟანიძის „ოიონაქსთან“ სტუმრად 10:25 დამარცხდა და ლიგაში ყველაზე ქართული კლუბის ქულათა ნახევარი საკუთარ ანგარიშზე დაჩი პაპუნაშვილმა ჩაიწერა. ახალგაზრდა ფულბექმა შეუცვლელად ითამაშა, გუნდის ერთადერთი ლელო გარდასახა და ერთი ჯარიმაც გაიტანა. ამიერიდან მის ანგარიშზე სეზონის 9 მატჩში 34 ქულაა.