შაბათს „მიხეილ მესხზე“ ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა – „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს, რომლის მოგების შემთხვევაშიც დაფიქსირდება საეტაპო მიღწევა: ქართული ფრენჩაიზი ევროთასის პლეი-ოფში გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს.

მეტოქე მრისხანეა. მართალია, საფრანგეთის ბასკეთის წარმომადგენელი კლუბი ბოლო ათწლეულებში არ ბრწყინავს და მისი სამგზის ჩემპიონობა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-ში შეიკრა, მაგრამ ეს ხომ ტოპ 14-ის მონაწილე და საჩემპიონო პლეი-ოფის ზონაში მყოფი გუნდია?!

ჩელენჯ თასსა და ზოგადად ევროთასებს ის სპეციფიკა აქვს, რომ ზოგიერთი კლუბი ამ ტურნირებში თავის ლიდერებს ასვენებს და რეზერვს ასაქმებს ხომე. ან ლიდერების თუნდაც რაღაც ნაწილს ასვენებს. ჰოდა, ვინაიდან „ბაიონს“ პლეი-ოფში გასვლის ისეთივე შანსი აქვს, როგორც „შავ ლომს“ (ორივეს 4-4 ქულა აქვს), მისმა ხელმძღვანელობამ მთლად საუკეთესო არა, მაგრამ მისი ნახევარი კი წამოიყვანა თბილისში.

იმედი გვქონდა, რომ ბასკები „მესხზე“ თავის ესპუარ ქართველებს გაიყვანდნენ – ტყუპ ძმებ ციხისთავებს და ნიკა ლომიძეს, მაგრამ ის „საუკეთსოთა ნახევარი“ სწორედ მორკინალებმა შეადგინეს, ხოლო ბაიონელი ქართველები სწორედ ფორვარდები არიან…

„ბაიონს“ თბილისში რამდენიმე ძალიან ცნობილი ფორვარდი ეყოლება. მაგალითად, მსოფლიო თასის მრავალგზის მონაწილე ნამიბიელი კვაჭი ტორსტენ ფან იარსფელდი, არგენტინის ნაკრების ვეტერანი მესამეხაზელი როდრიგო ბრუნი, ვისაც ასევე არაერთ მსოფლიო თასზე უთამაშია, სამოელი და აფრიკელი მორკინალები, ნიჭიერი არგენტინელი ბურჯი, მაგარი ფრანგები – მოკლედ, აქცენტი შერკინებაზე გაკეთდა. აი, ღერძი და უკანა ხაზი ისეთია, ეტყობა, ბაიონელთა მხრიდან ადგილი აქვს ან ქართველების დაუფასებლობას, ან უიმედობას – მთლიანად ახალგაზრდები და მათ შორის ერთბაშად რამდენიმე 19 წლის დებიუტანტიცაა.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა, როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრების გარკვეული ვარიაციაა. გამობრძმედილი ვეტერანებისა და ახალგაზრდა ტალანტების ნაზავი. იმედია, რიჩარდ ქოქრილმა სათანადოდ მოამზადა გუნდი შობა-ახალი წლით გამოწვეული პაუზის შემდეგ, რომელიც, სხვათა შორის, „ბაიონს“ საერთოდ არ ჰქონია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, წარმატებები „შავ ლომს“ და იმედია, ქართული რაგბის ისტორიაში ახალი გვერდიც ჩაიწერება.

მატჩი 11 იანვარს „მიხეილ მესხზე“ 19:15-ზე დაიწყება.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „ბაიონთან“ მატჩში

  1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპიტანი), 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა მატკავა (კაპიტანი), 11. ამირან შვანგირაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა ცირეკიძე.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე, 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

წილი
წინა სტატიამეოთხედან მეთვრამეტეზე…
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.