ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გაყიდვამ „ნაპოლის’’ შეიძლება მოუტანოს მოგება, რომელზე მეტიც სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ გონსალო იგუაინის „იუვენტუსში’’ გაყიდვით გამომუშავებულა.
გუშინ მეხივით გავარდა ცნობა იმის შესახებ, რომ პარიზელებმა „აძურის’’ კვარაცხელიასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართეს. „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კლუბის ისტორიაში არნახული ფულის შოვნის შესაძლებლობა ეძლევა. მან ქართველი გარემარბი 2022 წლის ზაფხულში 11 მილიონ ევროდ იყიდა. კვარამ გუნდის შემადგენლობაში 107 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. სტატისტიკის მიღმა მან სკუდეტოს მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ახლა შეიძლება 80 მილიონად გაიყიდოს ანუ ნეაპოლში დიდძალი მოგება დატოვოს.
napolipiu წერს, რომ თუკი „ნაპოლი’’ კვარაცხელიას პარიზელებს 80 მილიონად მიყიდის, 2024 წლის 31 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით კლუბის კაპიტალის ზრდა 77.8 მილიონი ევრო იქნება. ამაზე მეტი სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ გონსალო იგუაინის 86.2 მილიონად გაყიდვამ მოიტანა.
საიტი წერს, რომ ქართველის გაყიდვის ეფექტს კიდევ უფრო კარგად დავინახავთ თუ ხელფასისა და ამორტიზაციის დანაზოგსაც ვიანგარიშებთ. დაამატეთ ზემოხსენებულ თანხას 1.75 და 79.55 მილიონ ევროს მივიღებთ.
„სქაი სპორტის’’ ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ ნეაპოლურ ტელეარხ 11 Televomero-ზე გამოსვლისას თქვა: „პსჟ კვარაცხელიას შეძენით ნამდვილად დაინტერესებულია, მაგრამ „ნაპოლიმ’’ მკაცრად განსაზღვრა ფასი – 80 მილიონი ევრო ფულად ანუ ფეხბურთელს პლუს თანხის გარეშე (თუმცა, აქტიურად ლაპარაკობენ ოპერაციაში სლოვაკეთის ნაკრების კაპიტნის მილან შკრინიარის მონაწილეობაზე) . ეს იქნება კლუბის ისტორიაში პირველი ან მეორე შემოსული კაპიტალი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც ყატარელები (პსჟ-ს პატრონები) ფულს იხდიან, ისინი ამას გულუხვად აკეთებენ’’.
კვარაცხელიას შემცვლელად „ნაპოლის’’ ფედერიკო კიეზა ესახება, რომელიც მოგეხსენებათ „ლივერპულშია’’, მაგრამ იქაურობას ვერ მოერგო. დე ლაურენტისი შეეცდება ინგლისელებს პირველ ეტაპზე ექვსთვიან იჯარაზე გაურიგდეს ხელფასის სანახევროდ გადახდით. საბოლოოდ, თუ ამ საქმიდან რამე გამოვიდა, შედგება გრძელვადიანი პროექტი გადახდის ჩახლართული მექანიზმით.