ლეონარდო სპინაცოლას „ფიორენტინას’’ წინააღმდეგ რთული დავალება ერგო – მარცხენა ფრთაზე კვარა უნდა შეეცვალა. და მისტერ ანტონიო კონტემ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ალღო არ ღალატობს. იტალიელმა ვინგერმა „არტემიო ფრანკიზე’’ მიღწეულ შთამბეჭდავ გამარჯვებაში დიდებული თამაშით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მაგრამ ჩნდება კითხვა: სპინაცოლამ ამ დღეს მართლა კვარას როლი შეასრულა? მოდი, Sofascore-ს მიერ მოწოდებული სტატისტიკის ანალიზი ჩავატაროთ.
შეხვედრის ოფიციალურ ოქმებში სპინაცოლა სქემაზე დატანილი იყო როგორც 4-3-3 განლაგებაში წინ მოთამაშე მარცხენაფლანგელი, მაგრამ კონტეს გუნდი მიმდინარე სეზონში ქამელეონს ჰგავს და მუდამ ფერს იცვლის. სხვანაირად თამაშობს როდესაც ბურთს თავად ფლობს და სხვანაირად, როდესაც ბურთი მოწინააღმდეგეს აქვს. ასეთი ტაქტიკისთვის ხორცის შესასხმელად უნივერსალური ფეხბურთელები უნდა გყავდეს, სპინაცოლა კი ერთ-ერთი მათგანია.
„ნაპოლიმ’’ ვინგერი ზაფხულში „რომასგან’’ იმისათვის იყიდა, რომ სამკაციან დაცვაში მეხუთე ნახევარმცველის ფუნქცია შეესრულებინა, მაგრამ სეზონი რომ დაიწყო მისტერ კონტემ გადაწყვიტა ოთხკაციან დაცვის ხაზს დაბრუნებოდა. მიზეზი ის იყო, რომ გუნდში აღმოჩნდა ნაპრალები, როგორიცაა მაგალითად მარჯვენა მცველის პოზიცია. ამან სპინაცოლაზე ცუდად იმოქმედა. მისთვის გუნდში აღარ აღმოჩნდა ადგილი, რომლის დაკავებასაც სეზონის დასაწყისში ვარაუდობდა. შედეგად მან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა (ფლორენციის ჩათვლით), მაგრამ კვარას და პოლიტანოს ერთად არყოფნის შემთხვევაში კონტემ სპინაცოლასთან დაკავშირებით ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მისტერმა გარისკა და მოიგო. სპინაცოლამ ჩინებულად ითამაშა. მან მეტოქეებს შესაძლებლობათა 75%-ში „ჩაუდრიბლინგა’’ და 50%-ზე მეტი დუელი მოიგო. ამას დაამატეთ კარში დარტყმა და თანაგუნდელებისთვის მიწოდებული ეგრეთწოდებული გადამწყვეტი პასები.
Sofascore-ს რუკის თანახმად სპინაცოლამ მთელს მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი მარცხენა მცველის პოზიციაზე რომელიც ნომინალურად ოლივერას ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობდა კონტეს გუნდი ხუთ (თუ ექვს არა) კაციან დაცვაზე გადადიოდა და ურუგვაელი განაპირა მცველის პოზიციიდან ცენტრში შედიოდა. ხოლო როდესაც ბურთს „ნაპოლი’’ ფლობდა სპინაცოლა ხშირად შედიოდა მეტოქის საჯარიმოში და საკმაოდ სახიფათოც იყო. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კონტეს სვლამ „ფიორენტინასთან’’ „ნაპოლის’’ წარმატებაში ნაყოფიერი როლი ითამაშა.
დომენიკ დ’აუზილიო calcionapoli1926