Victor Osimhen of Galatasaray scores his team's third goal during the UEFA Europa League 2024/25 League Phase MD4 match between Galatasaray A.S. And...2023 წლის მიწურულს ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა და „ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საერთო ენა გამონახეს და სკუდეტოთი დამშვენებული სეზონის აღსანიშნავად წელიწადში 11 მილიონ ევროიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებას თან ახლდა პირობა, რომ სეზონის ბოლოს კლუბი ოსიმენს სხვაგან გადასვლის ნებას მისცემდა. თავის მხრივ ფორვარდი დე ლაურენტისს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ევროს ჩაეწერაზე დაყაბულდა.

სეზონი „ნაპოლისა’’ და პირადად ოსიმენისთვის წარუმატებელი გამოდგა. ზაფხულში ნიგერიელის სანაცვლოდ 130 მილიონის გადახდა ტოპ-კლუბებს არ მოუნდათ და სექტემბერში, როდესაც ევროპის მთავარ ლიგებში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, გამოჩნდა სტამბოლის „გალათასარაი’’, რომელმაც ის იჯარით წაიყვანა. თურქულმა კლუბმა მისი ხელფასის გადახდაც იკისრა. თავის მხრივ დე ლაურენტისი უცხოელებისთვის გამოსასყიდი თანხის 75 მილიონ ევრომდე შემცირებას დათანხმდა, ოღონდ კონტრაქტში ჩაამატა მუხლი, რომლის თანახმადაც თუკი მთხოვნელი არ გამოჩნდება, ოსიმენის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება 2027 წლის 30 ივნისამდე.

ახლა, როდესაც ევროპაში იანვრის სატრანსფერო სეზონი გაიხსნა, თეორიულად შესაძლებელია ოსიმენს მყიდველი რომ გამოუჩნდეს. ასეთ შემთხვევაში სტამბოლელები კომპენსაციას მიიღებენ, რადგან იჯარის თანახმად ნიგერიელი მათთან ივნისამდე უნდა დარჩეს. სტამბოლის კლუბს ფორვარდის გაშვება არ უნდა, რადგან სუპერლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს. თან „გალათასარაის’’ ლიდერობაში 10 გოლით და 3 საგოლე პასით ოსიმენსაც დიდი წვლილი მიუძღვის.

არის შანსი, რომ ოსიმენი „ნაპოლიში’’ დაბრუნდეს? როგორც „ლა რეპუბლიკა’’ წერს, სტამბოლში ნიგერიელს „აძურის’’ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჩააკითხა და სხვა ვარიანტებთან ერთად ამაზეც ჩამოუგდო სიტყვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მან აგრეთვე უარი განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედში’’ გადასვლაზე, რითაც დე ლაურენტისი განარისხა. „ნაპოლის’’ პრეზიდენტს უთქვამს: „მაშინ დარჩეს სადაც არის. უთხარით „გალათასარაის’’, რომ შეუძლია ის იყიდოს’’. არ არის გამორიცხული, რომ დე ლაურენტისს ფორვარდის გაყიდვა ახლავე უნდა, რათა იანვარში თავადაც სჭირდება 75 მილიონი ევრო.

ამბობენ, რომ უარის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედს’’ ოსიმენის შეძენაზე ხელი არ აუღია. ნიგერიელი არც „პარი სენ ჟერმენს’’ დავიწყებია, აი, იტალიურ ფეხბურთში კი მისი დაბრუნება ამ ეტაპზე გამოირიცხა.