„ჰაიდენჰაიმის პასუხისმგებელ პირებს ძალიან უნდოდათ ჩემი გადაბირება. ამიტომაც ვისარგებლე შემთხვევით და პირდაპირ ბუნდესლიგაში გადავბარგდი. ახლა მინდა FCH-ს იქ დატოვების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო. მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას.’’ – თქვა ბუდუ ზივზივაძემ ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ქართველი ფორვარდის ინტერვიუ და მის „ჰაიდენჰაიმში’’ გადასვლასთან დაკავშირებული ვიდეოსიუჟეტი კლუბის ოფიციალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა. მას ქვემოთ გთავაზობთ.
„ჰაიდენჰაიმის’’ საიტი გულშემატკივარს აცნობს რომ ბუდუ ქუთაისში დაიბადა, შემდეგ თბილისის „დინამოს’’ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში. 2013 წელს ის „დინამო 2-ში”, 2014-15 წლებში კი მთავარ გუნდში აიყვანეს. საქართველოში ზივზივაძემ ითამაშა ქუთაისის „ტორპედოსა’’ და „სამტრედიაშიც’’. მის კარიერაში აგრეთვე იყო დანიური „ესბიერგი’’ და უნგრული კლუბები „მეზკოვეშდი’’, „ფეჰერვარი’’ და უიპეშტი’’. 2022-23 წლების სეზონში კი ის გერმანიაში, კერძოდ „კარლსრუეში’’ გადაბარგდა სადაც კონტრაქტის თანახმად შემდეგ ზაფხულამდე უნდა გაჩერებულიყო. გასულ ორ სეზონში ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში 57 თამაშში 25 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 2017 წლიდან მოყოლებული ბუდუმ 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატში.
30 წლის ზივზივაძე FCH-ში 2029 წლამდე ითამაშებს.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბრენცი გერმანიის სამხრეთით, ბავარიის საზღვართან, ბადენ ვიუნტერბერგის მიწაზე მდებარეობს. ქალაქში 50 025 ადამიანი ცხოვრობს.
„ჰაიდენჰაიმს’’ უახლოესი შეხვედრა 11 იანვარს შინ „უნიონ ბერლინთან’’ საქართველოს დროით 18:30-ზე ელის.