ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში „ნაპოლიმ’’ სტუმრად 3:0 მოუგო „ფიორენტინას’’. ანგარიში 29-ე წუთზე დავიდ ნერეშმა გახსნა. ბრაზილიელმა, რომელსაც კვარას კონკურენტად განიხილავენ ამ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს პოზიციაზე ითამაშა და შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი შეაგდო. 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ ანგარიში ზამბო ანგისას მოპოვებული პენალტით ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი სკოტ მაკტომინეიმ თამაშს წერტილი დაუსვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნერეში დაასახელეს. მოგვიანებით მან თქვა: „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რომ გავიმარჯვეთ და კარგი მუშაობა დაგვიფასდა. პირველ ტაიმში მეტის გაკეთებაც შეგვეძლო. მეორეში უფრო კარგად ვითამაშეთ’’.
შემდეგ ნერეშს მისი და ლუკაკუს პარტნიორობაზე ჰკითხეს.
„ყოველ შეხვედრაში როდესაც მოედანზე ერთად ვართ, ჩვენ შორის ურთიერთაგაგება იზრდება. ის მე მეხმარება, მე კი მას და ეს ორივეს გვაძლიერებს. ის დიდებული უნარების ფეხბურთელია’’, – თქვა გარემარბმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და პოლიტანოს გარდა „ნაპოლის’’ ტრავმირებული ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნოც აკლდა.
„ნაპოლის’’ შემდეგი შეხვედრა კვირას, 12 იანვარს, საქართველოს დროით 23 საათსა 45 წუთზე აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი „ვერონას’’ მასპინძლობს.