მოგეხსენებათ, 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი’’ ესპანელმა როდრიმ მოიგო. მას პრემიერლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში დაუფასეს. როდრიმ სულ ოდნავ აჯობა ვინისიუსს, რამაც ბევრი გააღიზიანა. როდესაც შეიტყვეს, რომ ჯილდოს ბრაზილიელს არ გადასცემდნენ „რელმა’’ პროტესტი გამოაცხადა და პარიზში დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავიდა. ვინისიუსს გამოუცხადა სოლიდარობა „ოქროს ბურთის’’ ხუთგზის მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც. დუბაის Globe Soccer Awards-ის გალა წარმოდგენაზე პორტუგალიელმა თქვა:
„ჩემი აზრით გამარჯვება ვინისიუსს ეკუთვნოდა. გამოკითხვის შედეგები უსამართლო იყო და ამას საჯაროდ, ყველას გასაგონად ვამბობ. ჯილდო როდრის მისცეს. გამარჯვებას ისიც იმსახურებდა, მაგრამ მაინც ვინისიუსი სჯობდა, რადგან მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ფინალში გოლი გაიტანა’’.
როდრი პორტუგალიელს ვალში არ დარჩა. მან AS-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა: „რონალდუს ასეთი კომენტარი გულწრფელად გამიკვირდა, რადგან მან სხვებზე კარგად იცის, თუ როგორ ასახელებენ „ოქროს ბურთის’’ გამარჯვებულს. წლეულს ხმის უფლების მქონე ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ჯილდო მე უნდა მომეგო. იმავე ჟურნალისტებმა ადრე მას მისცეს ხმა და მაშინ რონალდუ მათ ეთანხმებოდა’’.
შემდეგ როდრიმ თქვა, რომ „ოქროს ბურთის’’ მოგებამ მისი ცხოვრება შეცვალა. შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ. აქამდე ის საჯაროდ ბევრ ისეთ რამეს ვეღარ აკეთებს, რასაც ადრე აკეთებდა.