საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები რუმინეთში, „კარპატის თასზე“ მონაწილეობს, სადაც მასპინძლების გარდა სერბეთისა და თურქეთის ნაკრებებიც იმყოფებიან.
ტიტე კალანდაძის შეგირდებმა პირველი მატჩი სერბებთან გამართეს და 25:35 დამარცხდნენ. უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით არის ჩასული. ჩვენებს სასტარტო შემადგენლობის სამი ხელბურთელი – კბილაშვილი, რუსტამოვი და არსენაშვილი – აკლია.
საქართველომ სერბეთთან თამაში არეულად დაიწყო და 2:5 ჩამორჩა, თუმცა მალევე მდგომარეობა გამოასწორა, ანაგარიში ჯერ გაათანაბრა, ხოლო 20 წუთის თავზე სულაც წინ გავიდა – 9:8.
ტაიმის დასკვნითი ნაწილი კი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შესვენებას ხუთბურთიანი ჩამორჩენით შევხდით – 11:16. მეორე ტაიმის საწყისი წუთები უკეთესი იყო და 15 წუთით ადრე უკვე ორ ბურთს ვაგებდით და… ისევ ავირიეთ – სერბებმა წუთნახევარში გააკეთეს ის, რაც 15 წუთი ოფლით მოვიპოვეთ… დარჩენილ დროში სერბებმა უფრო მოუმატეს და, საბოლოოდ, დამაჯერებლად მოიგეს. 4 იანვარს ჩვენები თურქებს გაეჯიბრებიან.