Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli lies down dejected during the serie Serie A Enilive match between SSC Napoli and Venezia FC at Stadio Diego...ხვალ, საქართველოს დროით 21 საათზე, „ნაპოლი’’, რომელიც 41 ქულით „ატალანტასთან’’ ერთად სერია A-ს ცხრილს ლიდერობს, მეხუთე ადგილზე მყოფ 32 ქულიან „ფიორენტინას’’ ეთამაშება. შეხვედრა ფლორენციაში გაიმართება.

ბოლო წლებში „იები’’ ნეაპოლელებს პრობლემებს უქმნიან. იმ სეზონშიც კი, როდესაც „აძურიმ’’ ბრწყინვალედ მოიპოვა სკუდეტო, ერთი თამაში ნეაპოლელებმა მოიგეს, მეორე კი ფრედ დასრულდა. აგვისტოში იყო 0:0, ხოლო მაისში „ნაპოლიმ’’ ვიქტორ ოსიმენის პენალტით 1:0 მოიგო. ამ დროს „პარტენოპეელებს’’ ჩემპიონის ტიტული უკვე განაღდებული ჰქონდათ.

შემდგომ სეზონში, ოქტომბერში „ფიორენტინამ’’ ნეაპოლში 3:1 აჯობა ჩემპიონს, ხოლო მაისში მეტოქეებმა 2:2 ითამაშეს.

მაგრამ მშრალი სტატისტიკით მკითხველის ყურადღებას ვერ მიიპყრობ და ამიტომ, შაბათის თამაშის წინ ნეაპოლურმა საიტებმა კვარა vs ნერეშის თემა გააღვივეს. ვერ გეტყვით იტალიის ამ ქალაქში ხვიჩა კვარაცხელია და დავიდ ნერეში მართლა ერთი კლასის ფეხბურთელები ჰგონიათ თუ მათი შედარება რაიმე სხვა მიზანს ემსახურება, მაგრამ ვნებათაღელვა გრძელდება: ვის ათამაშებს კონტე, ქართველს თუ ბრაზილიელს? მარჯვენა ფრთაზე ბრუნდება მატეო პოლიტანო, რომელიც წინა ტურში გრიპის გამო საქმეში მხოლოდ შეხვედრის მიწურულს ჩაერთო. შესაბამისად მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს ვის ათამაშებს მარცხნივ, ნერეშს თუ კვარაცხელიას. საიტი spazionapoli წერს, რომ კვარა თამაშს სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. პორტალი წერს, რომ ბრაზილიელმა კონტეს გუნდს ურთულეს თვეში უნდა ულიდეროს, როდესაც „ნაპოლის” „ფიორენტინას’’ შემდეგ „ვერონასთან’’, „ატალანტასთან’’ და „იუვენტუსთან’’ უწევს დაპირისპირება.