„დილემის წინაშე დავდექით – ფული თუ ფეხბურთი? ბუდუ ირჩევს ფეხბურთს, მივდივართ ბუნდესლიგაში!“ – ეს განცხადება სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზოვაძემ გამოქვეყნა, მოგვინებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევარს გერმანიის მთავარ ლიგაში გაატარებს, მისი შეძენით ბუნდესლიგის აუტსაიდერი „ჰაიდენჰაიმია“ დაინტერესებული, რომლის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა სავარაუდოდ 3 იანვარს გაიმართება, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაოვლის და კონტრაქტი გაფორმდება.
მოლაპარაკების შესახებ მოკლე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა, ლაშა ოდილაძემაც გააკეთა:
„ბუნდესლიგის გუნდის ინტერესზე ახალ წლამდეც განვაცხადეთ. ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს დავადასტურებ ან უარვყოფ. 3 იანვარს გერმანიაში ჩავალ, ბევრი რამ უკვე გარკვეულია, დარჩენილი დეტალები ადგილზე გაირკვევა და ვრცლად ამის შემდეგ ვისაუბრებთ“.
მოკლედ, როგორც ირკვევა, ბუდუს ბუნდესლიგური თავგადასავლის დაწყება დროის ამბავია და მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში კიდევ ერთ ქართველს ვუქომაგებთ…
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში „ჰაინდენჰაიმი“ 10 ქულით მე-16 ადგილზეა და მთავარ ლიგაში დასარჩენად იბრძვის, ამას გარდა გუნდი კონფერენციის ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც 14 თებერვალს პლეი ოფის მატჩს გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენთან“ გამართავს. ბუნდელიგის განახლების შემდეგ კი 11 იანვარს საკუთარ მოედანზე ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლებს.