Head coach AC Milan Paulo Fonseca speaks with the media during a press conference at Milanello on December 28, 2024 in Cairate, Italy.
სამსახურიდან გაშვების ამბავი ფონსეკამ ჟურნალისტებისგან გაიგო

იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა მეკარემ, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, „ნაპოლისა’’ და „იუვენტუსის’’ ოდინდელმა მოთამაშემ დინო ძოფმა ჟირნალისტ ლუკა ჩერკიონესთან ინტერვიუში (1 Station Radio-ს გადაცემა 1 Football Club) ბევრ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს:

„სეზონის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა. ამ წუთისთვის სამი ლიდერი გამოიკვეთა, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია. დასკვნების გაკეთება ადრეა. ერთი შეხედვით, თეორიულად, „ინტერი’’ დანარჩენებს აღემატება, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი. შენი უპირატესობა მატჩების დროს უნდა დაამტკიცო’’.

შემდეგ ძოფს იტალიის სუპერთასზე ჰკითხეს. მან უპასუხა: „ეს ფორმატი არ მომწონს. ჩემპიონატის დიდხანს გაწყვეტა არ ვარგა. ძველი ფორმულა მერჩივნა, როდესაც ჩემპიონი თასის მფლობელს ხვდებოდა. მესმის, რომ ოთხგუნდიანი ტურნირის საზღვარგარეთ ჩატარებას ეკონომიკური უპირატესობები აქვს, ფული მოაქვს, მაგრამ ასე შეიძლება კიდევ ერთი ჩემპიონატი მივიღოთ. კალენდარი გადაიტვირთა. გაისად შეიძლება ვინმეს მონაწილე გუნდების რაოდენობის ექვსამდე გაზრდა მოუვიდეს თავში აზრად. ეს ყველაფერი კი აბსოლუტურად ზედმეტია’’.

სუპერთასის მონაწილე ოთხ გუნდს შორის არიან „იუვენტუსი’’ და „მილანი’’, რომლებიც მიმდინარე სეზონში ისე ვერ თამაშობენ, როგორც მათგან ელოდნენ. იტალიური ფეხბურთის ლეგენდას ჰკითხეს, ხომ არ გადაარჩენს რომელიმე მათგანისთვის სეზონს სუპერთასის მოგება.

„სუპერთასზე გამარჯვება საკუთარი თავის რწმენას უეჭველად გაუძლიერებთ და საჩემპიონო ამბიციებსაც გაუღვივებთ. როგორც ვთქვით, ჯერ ყველაფერი წინ არის. მიჯრით რამდენიმე მოგებამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. ამიტომაც, დიახ, რასაკვირველია, სუპერთასის აღება მნიშვნელოვანი იქნება’’.

როგორ მოიქცეოდით, „მილანის’’ ყოფილი მწვრთნელივით, პაულო ფონსეკასავით, პრეს-კონფერენციაზე რომ მისულიყავით და დამდგარიყავით ფაქტის წინაშე, რომ იქ შეკრებილმა ჟურნალისტებმა იციან თანამდებობიდან რომ მოგხსნეს, თქვენ კი – არა.

„უსიამოვნო სიტუაციაა, რომელიც ადამიანისადმი უპატივცემულობას გამოხატავს. გამჭვირვალობა ხომ საკვანძო საკითხია: კლუბები თავიანთ გადაწყვეტილებებს პირდაპირ და მკაფიოდ უნდა ამბობდნენ. ადამიანი ასე აღარასდროს უნდა დაამცირონ, ― უპასუხა ძოფმა და შემდეგ „იუვენტუსში’’ ტიაგო მოტას მუშაობა შეაფასა, ― რაიმეს თქმა ჯერ ადრეა. ახალი გუნდია, ფეხბურთელებს მოქმედებები ჯერ ავტომატიზმამდე არ ჰყავთ აყვანილი. მწვრთნელს დრო უნდა მივცეთ. კიდევ ორი-სამი თამაში მაინც”.

შაბათს „ფიორენტინა’’ „ნაპოლის’’ ხვდება. ფლორენციელები მეტოქეს 9 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ კარგ ფორმაში არიან, ნეაპოლელებმა კი დაცვა გაამაგრეს. კითხვაზე, ვინ არის ამ წყვილში ფავორიტი ლეგენდარულმა მეკარემ ასე უპასუხა:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს. „ფიორენტინამ’’ წინა შეხვედრაში „იუვენტუსთან’’ ფრედ (2:2) ითამაშა, „ნაპოლსაც’’ ბრწყინვალე მომენტი უდგას. ამიტომ, წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ „აძური’’ დაცვაში ძალიან ძლიერად თამაშობს და ეს  მცირე უპირატესობას აძლევს’’.

და ბოლოს მეკარის როლზე: „მეკარეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. როდესაც გოლკიპერი ცდება, ის აუცილებლად ყურადღების ცენტრში ხვდება. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოს და მუშაობა განაგრძოს. მეკარისთვის სწავლა არასდროს მთავრდება, მრავალწლიანი კარიერის ბოლოსაც კი. ვფიქრობ, „ნაპოლის’’ კარის მცველს ალექს მერეტს ძლიერი მენტალიტეტი აქვს, მას ზეწოლის გაძლება შეუძლია. ის ბევრი სეზონია მაღალ დონეზე თამაშობს, ნაკრებშიც კი გამოუძახებიათ. მას ასეთი მტკიცე ხასიათი რომ არ ჰქონდეს, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა’’.