Federico Chiesa of Liverpool arrives for the Premier League match between Liverpool FC and Fulham FC at Anfield on December 14, 2024 in Liverpool,...ითქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს „ნაპოლის’’ დატოვებს და არ არის გამორიცხული, მის შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისმა ფედერიკო კიეზა მიიყვანოს. მაგრამ, სად არის კიეზა, რომელიც წინა წლებში „იუვენტუსში’’ თამაშობდა, ბოლოხანს კი თვალსაწიერიდან გაქრა? გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში’’ გადავიდა, ოღონდ ტრანსფერმა არ გაამართლა.

მერსისაიდელთა თავკაცი არნე სლოტი კიეზაზე დიდ იმედებს ამყარებდა. ჰოლანდიელმა იტალიელი ფლანგელი ძვირადაც არ იყიდა, – 10 მილიონ გირვანქას პლუს 2.5 მილიონი დანამატების სახით – მაგრამ ტრავმებმა და სხვა პრობლემებმა 27 წლის ფეხბურთელის ინგლისური კარიერა გააუფერულა. თავად განსაჯეთ, აგვისტოში, „ენფილდზე’’ გადაბარგების შემდეგ კიეზა მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ შევიდა. 29 დეკემბერს, მერსისაიდელებმა „ვესტ ჰემი’’ 5:0 გაანადგურეს და ეს იყო მიმდინარე სეზონში მე-16 შეხვედრა, რომელიც… იტალიელმა გამოტოვა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელის ენრიკო კიეზას შვილი, რომელიც ჯერ „ფიორენტინაში’’ თამაშობდა, შემდეგ კი „იუვენტუსში’’, თითქოს ვარსკვლავობისთვის იყო დაბადებული. მან ევრო 2020-ზე გაიბრწყინა კიდეც, სადაც ავსტრიას და ესპანეთს მნიშვნელოვანი გოლები გაუტანა. იმ შეჯიბრებაში იტალიამ გაიმარჯვა და კიეზა-უმცროსი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამიტომაც გაუხარდათ „ლივერპულის’’ გულშემატკივრებს იტალიელი ვარსკვლავის „ენფილდზე’’ გადაბარგება, მაგრამ ხელში პრობლემა შერჩათ. ევროპის ზემოხსენებული ჩემპიონატიდან ექვსი თვის შემდეგ წინა ჯვარედინი მყესის სერიოზულმა ტრავმამ კიეზა თითქმის მთელი წლით გამოიყვანა მწყობრიდან. მას მერე მისი ცხოვრება შეიცვალა.

გამოჯანმრთელებულმა კიეზამ ძველი ფორმის აღდგენა და მასიმილიანო ალეგრის გუნდში ადგილის შენარჩუნება სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა და თავად „ბებერ ქალბატონსაც’’ ცუდი პერიოდი ჰქონდა. გასულ სეზონში, „ლაციოსთან’’ სათასო ნახევარფინალის დროს ასეთი ამბავი მოხდა: „იუვემ’’, რომელსაც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თამაში არ მოეგო, გაიმარჯვა, მაგრამ შესვენებისას ტრიბუნებიდან ფეხბურთელებს მაინც უსტვინეს. შემდეგ გულშემატკივართა შორის მოხდა დაპირისპირება. ცნობილმა ულტრასებმა იმ ტიფოზებს, რომლებიც ფეხბურთელებს უსტვენდნენ უხეშად შეუძახეს – მოთამაშეები დაიცვეს. ატყდა სექტორებს შორის გადაძახილი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება, კიეზამ კი შეხვედრის დამთავრების შემდეგ იმ ხალხის მხარი დაიჭირა, რომელიც ობსტრუქციას აწყობდა. მან თქვა: „როდესაც „იუვენტუსში’’ თამაშობ, ყოველთვის 110 პროცენტით უნდა იყო მზად. აქ წნეხი მაღალია. ეს არის ისტორიული კლუბი, რომელსაც ქვეყანაში 12 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომაც კრიტიკა სამართლიანია’’.

გამოვიდა, რომ ფედერიკო კიეზა თანაგუნდელებსაც დაუპირისპირდა და ულატრასებსაც.

კიეზას „ლივერპულში’’ გადასვლა თითქოს გადატვირთვის საწინდარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ… სექტემბერში „ბორნმუთთან’’ შეხვედრაში მისი 18-წუთიანი შესვლა ჯერჯერობით იტალიელის ეართადერთი გამოჩენაა პრემიერლიგაში.  დანარჩენი სამი მატჩი მან ჩემპიონთა ლიგასა და ლიგის თასზე ჩაატარა.

სლოტი კი კიეზას შესახებ დიპლომატიურად ლაპარაკობს: „ჩვენ ფედერიკოსთან ფიზიკურ მომზადებაზე ვმუშაობთ და როდესაც შევატყობთ, რომ მზად იქნება, სათადარიგოთა სკამზე დავაბრუნებთ. ის გასულ კვირაში ერთხელ უკვე შევიყვანეთ განაცხადში, მაგრამ ბოლოს მაინც ჩავთვალეთ, რომ ჯობს ჯერ კიდევ ივარჯიშოს. სანამ შემოგვიერთდება, კიეზა უკეთ უნდა მოემზადოს’’.

5 იანვარს „ლივერპული’’ ისტორიულ „მტერს’’ „მანჩესტერ იუნაიტედს’’ ხვდება და ბევრი მერსისაიდელი გულშემატკივრის აზრით ეს იტალიელისთვის საუკეთესო ტესტი იქნება – გამოჩნდება რა ბიჭია სინამდვილეში. ამასობაში კი დაიწყეს ლაპარაკი, რომ მისი შეძენა აურელიო დე ლაურენტისს უნდა. ნეაპოლში მას კვარაცხელიას შემცვლელად მოიაზრებენ.