გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა.
მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას მანამდე გურამ პაპიძეც ეცადა, თუმცა ქართველ ბურჯს ბურთის დამიწება არ დაუფიქსირდა, რადგან მეტოქემ ხელის ამოდება მოახერხა, დამახსოვრებული ჯარიმის გათამაშება კი ბექას ბურთიანად ლელოში შევარდნით დაგვირგვინდა – „ვექსონას“ მსგავსი ლელოები ხშირად გააქვს და მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ მე-5 მატჩში მან ეს მეორედ შეძლო. სულ კი გორგაძის ანგარიშზე ტოპ 14-ის 79 მატჩი და 14 ლელოა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო 2024 წლის ბოლო ქართული ლელო, ხოლო რაც შეეხება „პოს“, გორგაძისა და პაპიძის ბასკურმა კლუბმა ბონუსით, 48:24 მოიგო.
ღირსშესანიშნავი კიდევ ის მოხდა, რომ ტურის დასკვნით მატჩში, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა „ტულუზმა“ „სტად ფრანსეს“ ბონუსით მოუგო – 38:23, ჩვენთვის საინტერესო კიის ფაქტი გახლდათ, რომ ამ მატჩში 23 წლის კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ტოპ 14-ში თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა, თანაც ბორჯღალოსანი პარიზული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო.
ბექა გიგაშვილი „ტულონის“ სასტარტოში იყო და მისმა კლუბმა ლიდერის უახლოეს მდევარ „ბორდოსთან“ სტუმრად 17:21 წააგო, რამაც სანუგეშო ბონუსი მოუტანა. „ტულონი“ ცხრილის მესამე საფეხურზე დარჩა.
საჩემპიონო პლეი-ოფის ზონაში „ლა როშელიცაა“ , რომელმაც კატალონიიდან ქულაც ვერ წამოიღო. „პერპინიანმა“ 21:13 მოიგო, სტუმართა მარქაფიდან კი თამაშში კვაჭი ნიკა სუთიძე და ბურჯი სანდრო ქუნთელია ჩაერთნენ.
ბოლოსწინა, გასავარდნი პლეიოფის ადგილზე კი „ლიონი“ დარჩა, რომელმაც პარიზში „რასინგ-92“-ს დიდი ბრძოლა გაუმართა და ფრესაც მიაღწია – 25:25. მასპინძელთა შორის მეორე ტაიმში გურამ გოგიჩაშვილი გამოჩნდა, ხოლო დავით ნინიაშვილმა ლიონელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.
ლევან ჩილაჩავამ „კასტრში“ მორიგი მატჩი ჩაატარა, მისი გუნდი კი „ბაიონთან“ სტუმრად 12:33 დამარცხდა. „კლერმონმა“ კი შინ მოულოდნელად წააგო – „მონპელიესთან 18:22 დათმო და სანუგეშო ბონუსსღა გამორჩა. ეს იყო და ეს. 2024 სარაგბო წელი ამით დასრულდა, ტოპ 14-ის მეორე წრე კი სტარტს უკვე გაისად, 2025 წლის 4 იანვარს აიღებსა