Naples, Italy Francesco Zampano of Venezia FC and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli...ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ’’ ჯაკომო რასპადორის გოლით „ვენეციას’’ 1:0 მოუგო. 18 ტურის შემდეგ ნეაპოლელებს და ბერგამოს „ატალანტას’’ 41 ქულა აქვთ. გატანილ და გაშვებულ გოლთა უკეთესი სხვაობის გამო ცხრილში პირველ ადგილზე „ატალანტაა’’. კვარაცხელიამ მოედანზე 75 წუთი დაჰყო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ქართველ გარემარბს იტალიურმა საიტებმა დაუწერეს.

calciomercato — 6.0 კვარაცხელიას საფირმო ნიშანი მიმართულების მოულოდნელი ცვლაა. ამ ხერხით ის არაფრისგან ქმნის შესაძლებლობებს, მაგრამ „ვენეციასთან’’ შეხვედრაში მარცხენა ფეხით დარტყმული სტანკოვიჩმა აუღო.

iamnaples — 6.0 აშკარაა, რომ კარგ ფორმაში არ არის, მაგრამ სულ გამწვავების ძიებაშია. სხვა საქმეა, რომ მისი მცდელობები ყოველთვის წარმატებით არ მთავრდება.

areanapoli — 6.0 მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებთან ყველაფერს კარგად აკეთებდა. თან, მის წინააღმდეგ უხეშობდნენ. მაგრამ, როდესაც საქმე კარში დარტყმაზე მიდგებოდა, სიზუსტეს ვერ იჩენდა. მეორე ტაიმში უნიათო დარტყმით კონტე გააბრაზა.

Tuttonapoli — 6.0 პირველი ნახევარი საათის განმავლობაში „ნაპოლი’’ მხოლოდ მარჯვენა ფრთიდან თამაშობდა. კვარა რამდენჯერმე ამის შემდეგღა ჩართეს საქმეში და ის ამ ეპიზოდებში სახიფათო იყო. თუმცა, როდესაც კარში სწორად დარტყმა მოეთხოვებოდა, ამას ვერ ახერხებდა და თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა.

Ilnapolista ― 5.0 მართალია „ჩე კვარა’’ თავის მარცხენა ფრთაზე კარგ რაღაცებს აკეთებდა, მაგრამ სიჯიუტის გამო ნახევარგმირად იქცა, ბოლოს კი უნდილი დარტყმით მისი ბრწყინვალება ანტონიოც გააბრაზა.

calcionapoli1926 — 6.0 ის მოედანს მუხლის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და ამის გათვალისწინებით კარგ ფორმაშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თამაში მეორე ტაიმში, როდესაც „ნაპოლი’’ ზურგით ათრია. ის მონაწილეობდა დაცვაშიც, რითაც თავისი მნიშვნელოვნება დაამტკიცა, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში ჯიუტობდა, ცდილობდა მარტოს გადაეწყვიტა თამაშის ბედი და რამდენჯერმე ხელსაყრელი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, რითაც კონტე გააბრაზა.

Tuttomercatoweb ― 6.0 პირველ ნახევარ საათში „ნაპოლი’’ სულ მარჯვენა ფრთიდან თამაშობდა. შემდეგ რამდენჯერმე კვარაცხელიასაც მიაწოდეს პასი და ამ ეპიზოდებში ის სახიფათო იყო, მაგრამ საბოლოოდ, როდესაც მიზანში კარგად უნდა დაერტყა ამისგაკეთება ვერ შეძლო და შედეგი არ ჰქონდა.

eurosport  — 5.5 მუდმივად ორი ვენეციელი მეურვეობდა. მან ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლის თამაში ვერ მოახერხა. მაკტომინეის მსგავსად ბევრჯერ შევიდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, მაგრამ გაურკვეველ გადაწყვეტილებებს იღებდა. თან მისი „მარხვა’’ გრძელდება – გოლი ბოლოს 30 ოქტომბერს, „მილანის’’ კარში გაიტანა.

calcionapoli24 — 5.5  ძამპანო დაიბრიყვა, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა ვერ დაინახა. მე-15 წუთზე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, როდესაც სტანკოვიჩის ოსტატობა შეამოწმა. ალტარესაც დაუსხლტა და ყვითელი ბარათი მიაღებინა. კარგად ითამაშა მე-40 წუთზე, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ანგისას მიაწოდა ბურთი, მან კი მაღლა დაარტყა. დაუკვირვებლად ითამაშა 47-ე წუთზე, როდესაც „ვენეციას’’ კონტრშეტევის წამოწყების საშუალება მისცა. შემდეგ ცდილობდა მარტოს მიეღწია შედეგისთვის: ლუკაკუსთან ბურთის გათამაშების მერე მარჯვენა ფეხით სუსტად დაარტყა, 70-ე წუთზე კი შუიდან შეეძლო მიზნის მიღწევა. ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებდა, რითაც კონტე გააბრაზა.

napolimagazine — 5.5 როგორც კი სივრცეს იხელთებდა სლალომს იწყებდა და არტყამდა, მაგრამ უშედეგოდ.

ხოლო საიტებმა, რომლებიც თავიანთ შეფასებებში სტატისტიკას ეყრდნობიან სხვანაირად განსაჯეს: Flashscore-მა კვარაცხელიას ნეაპოლელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა 8.5 დაუწერა, ხოლო whoscored-მა მისი, მაკტომინეის და გოლის ავტორის რასპადორის თამაში 7.5 ქულით შეაფასა.