იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ’’ „ვენეციას’’ შეცვლაზე შესული ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოუგო და „ატალანტას’’ წამოეწია. ბერგამოელები „პარტენოპეელებს’’ მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით ჯობიან.
შეხვედრის პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა. ციდან ვარსკვლავები არც სხვა ნეაპოლელებს მოუწყვეტიათ, მაგრამ იტალიური საიტები მაინც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს უკირკიტებენ. თუკი მასპინძლეთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ურიგოდ არ თამაშა, ეს კავარცხელია იყო, თუმცა ისიცაა, რომ ქართველისგან ყოველთვის ბრწყინვალე თამაშს ელიან. მის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი მოლოდინს ხშირად არ ემთხვევა. გარდა ამისა, კვარაცხელიამ კლუბთან საკონტრაქტო-სახელფასო საკითხები ვერ მოაგვარა, რაც უეჭველად უარყოფით როლს თამაშობს.
პორტალი areanapoli წერს, რომ „ვენეციასთან’’ შეხვედრაში კვარაცხელიამ მაყურებელი ვერ მოხიბლა და ამის გამო 75-ე წუთზე ის მატეო პოლიტანოთი შეცვალეს. შემდეგ საიტი სატრანსფერო ბაზრის ექსპერტს ჯერარდო ფაზანოს უხმობს და ქართველის მომავალზე ეკითხება. ფაზანომ კითხვას დაბეჯითებით უპასუხა: „სეზონის ბოლოს კვარაცხელია „ნაპოლიდან’’ წავა’’!
ვინ შეცვლის 77-ე ნომერს „აძურიში’’?
ფაზანო: „ჩემთვის ახალი არ არის ჭორები იმის შესახებ, რომ კვარაცხელიას ნაცვლად მომდევნო სეზონში „ნაპოლი’’ ფედერიკო კიეზას იყიდის. რამდენჯერმე მეც გასაგებად ვთქვი, რომ კიეზას კანდიდატურა სერიოზულად განიხილება. „ფიორენტინას’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „ლივერპულშია’’, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, სრულიად შესაძლებელია, რომ ზაფხულში ანტონიო კონტეს გუნდის წევრი გახდეს’’.