ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ვაჟთა ხელბურთელთა ნაკრებს ოთხი მატჩი დარჩა. ყველა 2025 წლის მარტსა და მაისში გაიმართება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მარტის თამაშებს: 13-ში ჩვენი გუნდი ბოსნიას უმასპინძლებს, ხოლო 16-ში ესტუმრება; შემდეგ იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი საშინაო თამაში საბერძნეთთან (7 მაისი), ხოლო ჯგუფურ ეტაპს ჩვენები11 მაისს ისლანდიასთან სტუმრობით დაასრულებენ.
სადღეისოდ, ორი მოგებით ლიდერი ისლანდიაა, ბოსნიასა და საბერძნეთს თითო მოგება და მარცხი აქვთ… ჩვენებმაც ორი მატჩი გამართეს: საბერძნეთთან სტუმრად 26:27 წააგეს, ხოლო ისლანდიასთან შინ – 25:30.
მიუხედავად ორი წაგებისა, ტიტე კალანდაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. ჯგუფიდან 1-2 ადგილოსნები ავტომატურად გადიან ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც რვა ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
გაზაფხულამდე, ანუ შესარჩევი ეტაპის განახლებამდე კი ჩვენი გუნდი მოსამზადებლად „კარპატის თასს“ გამოიყენებს, რომელსაც 3-5 იანვარს რუმინეთი უმასპინძლებს. 3 იანვარს საქართველო სერბეთს ეთამაშება, 4-ში – თურქეთს გაეჯიბრება, ტურნირს კი მასპინძლებთან მატჩით დახურავს.